მსოფლიო დღეს

ზელენსკი: უკრაინა ნატოს დაჩქარებული წესით მიღების განაცხადით მიმართავს

Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. უკრაინა ნატოს სამხედრო ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადით მიმართავს, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ დე ფაქტო უკვე გაიარა გზა ნატოსკენ და დაამტკიცა კიდეც ურთიერთთავსებადობა ალიანსის სტანდარტებთან.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა და ნატო ენდობიან, ეხმარებიან და იცავენ ერთმანეთს, რაც უკვე არის ფაქტობრივი ალიანსი.

„დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადი, რათა ეს დე იურედ აქციოს პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას მთელი თანამეგობრობის დაცვაში — დაჩქარებული წესით“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ნატოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც 20:00 საათისთვისაა (თბილისის დროით) დაგეგმილი. გამოსვლის თემა არ გახმაურებულა, პრესკონფერენცია ნატოს ვებ-გვერდზე გადაიცემა.
მანამდე, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.