„თბილისობაზე“ დასასწრებად დედაქალაქს 14 ქალაქის დელეგაცია ეწვია

Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. „თბილისობა 2022“-ის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქს მსოფლიოს 14 ქალაქის დელეგაცია ეწვია, იუწყება თბილისის მერია.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბაქოს მერ ელდარ აზიზოვს, ზაარბრიუკენის მერ უვე კონდრატსა და რომის მერის მრჩეველ ანნის გაბრიელე ფილიპს უმასპინძლა.
მან მადლობა გადაუხადა სტუმრებს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათ „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოეწონებათ.

„თბილისი ულამაზესი ქალაქია თავისი კულტურით, ტრადიციებით, შენობა-ნაგებობებით. ვცდილობთ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მოვაწესრიგოთ, გავალამაზოთ ქუჩები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა, ვინც თბილისს ერთხელ მაინც ეწვია, შეყვარებულია მასზე და, დარწმუნებული ვარ, აქ გატარებული დღეები თქვენც მოგეწონებათ, მოიხიბლებით ქართული კულტურით, სამზარეულოთი და ღვინით, რომლითაც ვამაყობთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დარწმუნებული ვარ, დედაქალაქში ვიზიტით ძალიან ისიამოვნებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქალაქებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლოდ დაგეგმილ ორმხრივ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„თბილისობა“ წელს 1 და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება ექვს ლოკაციაზე. დედაქალაქის დღე წელს პირველად აღინიშნება მასშტაბურად კორონავირუსის პანდემიის შემდეგ.
„თბილისობა“ პირველად 43 წლის წინ, 1979 წელს გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. გამონაკლისი იყო 1989-1994 წლების პერიოდი, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სუფევდა.