თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს უფლება, წარადგინოს განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი ქვეყნები კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევის მიერ სამხედრო ბლოკში დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ.
„ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია, რომ ნატოში განაცხადი შეიტანოს და გახდეს წევრი ქვეყანა. ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ და წარმოვაჩენთ ბოლო წლებში, რომ ჩვენი კარი ღიაა. მადრიდის სამიტზე ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი ორგანიზაციის წევრობა სურს. რა თქმა უნდა, წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 30-მა წევრმა ქვეყანამ კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღოს“, — აღნიშნა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ახლა ნატოს ყურადღება უკრაინის დაუყოვნებლივ დახმარებაზეა გადატანილი, რათა რუსეთი შეაჩერონ.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსი არ აღიარებს რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ტერიტორიების მიერთებას და უკანონო ანექსიად აფასებს ამ ქმედებას. ტერიტორიების ანექსია კი, სტოლტენბერგის აზრით, „ეს ძალის კი არა, სისუსტის გამოვლენაა“.
მანამდე, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში ოფიციალური არხებით გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კიევს ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.