თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ქართველ მწვრთნელ შოთა არველაძესა და ინგლისურ ჩემპიონშიპში მოასპარეზე „ჰალ სიტის“ შორის კონტრაქტი ოფიციალურად გაწყდა. ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს ასევე დატოვებს მთავარი მწვრთნელის თანაშემწე პეტერ ვან დერ ვინი. ახალი კანდიდატურის წარდგენამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ენდი დოუსონი შეასრულებს.
„შოთასთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და იქ გამოიკვეთა, რომ კლუბის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს დავშორებოდით. შოთას და პეტერს დიდ მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ. ამჟამად ჩვენი მიზანი ენდის და გუნდის მხარდაჭერაა, ასევე ღირსეული კანდიდატის პოვნა, რომელიც გუნდის განვითარებას შეძლებს“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ 2022 წლის იანვარში ჩაიბარა და თანამდებობაზე ჩრდილოეთ ირლანდიელი გრანტ მაკანი შეცვალა. ქართველმა სპეციალისტმა, რომელსაც კლუბმა კონტრაქტი 2,5 წლით გაუფორმა, გუნდი ჩემპიონშიპიდან გავარდნას გადაარჩინა.
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალმა“ ჯამში 30 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 9 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, 15 კი წააგო.
შოთა არველაძემ მწვრთნელის რანგში მუშაობა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო. თავიდან ის ნიდერლანდურ „ალკმაარში“ ლუის ვან გაალის ასისტენტი იყო, 2010 წლიდან მოყოლებული კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თურქულ „კაისერისპორში“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსპორში“ მუშაობდა. 2016-17 წლებში შოთა თელ-ავივის „მაკაბის“ წვრთნიდა, 2017-2020 წლებში კი ტაშკენტის „ფახთაკორს“, რომელთან ერთადაც ორ-ორჯერ უზბეკეთის ჩემპიონობა და თასი, ასევე ქვეყნის სუპერთასი მოიგო.