რამდენით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა: ახალი სტატისტიკა

Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით განაგრძობს აღდგენას – 2022 წლის აგვისტოში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
სამსახურის ცნობით, წლის დასაწყისიდან საშუალო რეალური ზრდის ტემპი 10,3%-ს შეადგენს.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წლის აგვისტოსთვის

I კვარტალი

14,9%

II კვარტალი

7,1%

ივლისი

9,7%

აგვისტო

10,5%

რვა თვის საშუალო მაჩვენებელი

10,3%

როგორც „საქსტატის“ ანგარიშშია ნათქვამი, 2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი კლების შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება — ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გზავნილებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდაზე.
2022 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სასტუმრო, სარესტორნე და ვაჭრობის სფეროებმა.
შემცირებისადმი ტენდენცია შეინიშნებოდა გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში.

რა გაიზარდა და რამდენით

ექსპორტის ზრდამ იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 37%, ხოლო იმპორტის ზრდამ 36,5% შეადგინა. გასულ თვეში ქვეყანაში 6,9 ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც თითქმის 92%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 23%-ით გაიზარდა და 11,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, – განუცხადა ჟურნალისტებს „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
მისი თქმით, ტრანსპორტისა და სასაწყობო სექტორებში ზრდა დაკავშირებული იყო სატვირთო ტრანსპორტის — როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის ოპერირებასთან. გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის ზრდის შედეგად გაიზარდა სატრანსპორტო გადამუშავებისა და ტვირთების შენახვის ტემპები.
ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა სამშენებლო სექტორშიც, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სამშენებლო პროექტების განვითარებასთან. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა გზების, ავტომაგისტრალების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში. გარდა ამისა, 20%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მოცულობა.
ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული სერვისების სექტორში მომსახურების მოცულობის ზრდასთან.
ზრდის ტენდენციები ასევე დაფიქსირდა სარესტორნო-სასტუმრო სექტორშიც. ამაზე გავლენა იქონია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ, რამაც 2021 წელთან შედარებით თითქმის 2,8-ჯერ მოიმატა. კერძოდ, აგვისტოში ქვეყანას დაახლოებით 742 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.
სავაჭრო სექტორში ზრდის ძირითადი მიზეზი ახალი და მეორადი ავტომობილებით, ასევე სათადარიგო ნაწილებითა და აქსესუარებით ვაჭრობის ზრდა გახდა.
გაორმაგდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი, განსაკუთრებით, სომხეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით.
გაიზარდა როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, საყოფაცხოვრებო საქონლით, საწვავითა და სამშენებლო მასალებით.
საფინანსო სექტორში ზრდა განპირობებული იყო კომერციულ ბანკებში საპროცენტო და საკომისიო შემოსავლების ზრდით.