მსოფლიო დღეს

ბაიდენი: აშშ უკრაინას კვლავაც ძველ საზღვრებში აღიარებს

Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. შეერთებული შტატები არ ცნობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთთან მიერთების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას და უკრაინას კვლავაც ძველ საზღვრებში აღიარებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მომავალშიც დაუჭერს მხარს კიევს, რათა მან რუსეთის კონტროლქვეშ მოქცეული ტერიტორიები უკან დაიბრუნოს.

„ეს ქმედებები არალეგიტიმურია. შეერთებული შტატები პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს უკრაინის ძალისხმევას, აღადგინოს კონტროლი თავის ტერიტორიებზე — მისი პოზიციების განმტკიცების გზით სამხედრო და დიპლომატიური კუთხით“, — ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის საიტზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვის ქმედების საპასუხოდ აშშ და მისი მოკავშირეები ახალ სანქციებს დაუწესებენ რუსეთს.
„ჩვენ გავაერთიანებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა დავგმოთ რუსეთის ნაბიჯები და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მას... მოუთმენლად ველოდები კონგრესის ხელმოწერას კანონზე, რომელიც დამატებით 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად“, — ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-რელიზში.
მანამდე, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებას. ამ გადაწყვეტილებას მოსკოვმა საფუძვლად 23-27 სექტემბერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების შედეგები დაუდო. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ოთხივე რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას.