ატლანტიკის რისხვა: ამბავი ქართველი მეკობრე შალვა ჯორჯიელისა

რაც უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, ისტორიას ქართველი მეკობრეც ახსოვს, რომელიც თანამზრახველებთან ერთად შიშის ზარს სცემდა შორეული ატლანტიკის ოკეანეში მცურავ ხომალდებს. მას შალვა ჯორჯიელის სახელით იცნობდნენ.
Sputnik
ვინ იყო შალვა ჯორჯიელი, რას საქმიანობდა, სანამ მეკობრე გახდებოდა და როგორ აღმოჩნდა თავის დროზე სახელგანთქმული ყაჩაღის – „შავწვერას“, ანუ ედვარდ თიჩის (დრამონდის) ბანდაში, ამის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მაგრამ ფაქტია, რომ 1715 წლიდან შალვა ჯორჯიელისა და ედვარდ თიჩის ბედი სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს და ქართველმა მეკობრემ სიკვდილამდე უერთგულა მას. სხვათა შორის, ეს ის თიჩია, რომელიც რობერტ ლუის სტივენსონმა თავისი რომანის „განძის კუნძულის“ გმირის, კაპიტან ფლინტის პროტოტიპად გამოიყენა.
ერთი, რაც ცნობილია, ისაა, რომ 33 წლის მამაცი მეზღვაური შალვა ჯორჯიელი 1712 წელს ინგლისში ჩავიდა და სამი წლის შემდეგ თიჩის ბანდაში აღმოჩნდა მთავარ მეზარბაზნედ.
იმ დროისათვის, როცა შალვა თიჩის ბანდას შეუერთდა, მეკობრის განკარგულებაში უკვე იყო 20-ქვემეხიანი ფრეგატი „დედოფალ ანას შურისძიება“, 14-ქვემეხიანი „ედვენჩერი“, 12-ქვემეხიანი „რეინჯერსი“, 10-ქვემეხიანი „ბლექ როუზი“ და 300-მდე თავზეხელაღებული ყაჩაღი.
„შავწვერას“ სახელი ძრწოლვას ჰგვრიდა ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ხომალდებს. თიჩი ატლანტის ოკეანის სრული ბატონ-პატრონი იყო. დაუნდობელ ყაჩაღს, 207 სანტიმეტრის სიმაღლისა და ფანტასტიკური ძალ-ღონის პატრონს, ჯოჯოხეთის მოციქულად მიიჩნევდნენ.

„შავწვერას“ დევიზი იყო: „დასცხე შენიანს, რათა უცხოს ეშინოდეს“.

ერთხელ უგონოდ მთვრალმა თავის მეგობრებს — შალვა ჯორჯიელს, ონილს, დიურს, გუსტაფსონსა და ჰოუქსს შესთავაზა, მოდით, ჯოჯოხეთი მოვიწყოთ და ვნახოთ, რამდენ ხანს გავძლებთ იქო. მეგობრები ვერ მიუხვდნენ, რას გულისხმობდა, მაგრამ მაინც ჩაჰყვნენ ტრიუმში კაპიტანს. „შავწვერამ“ კარი ჩაკეტა და გოგირდით სავსე ქილას ცეცხლი მოუკიდა. იქაურობა მახრჩობელა ყვითელი კვამლით გაივსო, მეკობრეებმა კარი გაამტვრიეს და გარეთ გაცვივდნენ, ახარხარებული თიჩი კი ტრიუმში დატოვეს.
შალვა ჯორჯიელი მონაწილეობდა ყველა გახმაურებულ თავდასხმაში, რომელიც კი მოუწყვია „შავწვერას“. ესენი იყო:
ფრანგულ სამხედრო ფრეგატ „კონკორდზე“ შეტევა, რა დროსაც მეკობრეებმა სახელმწიფო ხაზინის ოქროთი გაძეძგილი ხომალდი იგდეს ხელთ;
ინგლისურ სავაჭრო გემ „გრეი ალენზე“ თავდასხმა;
ინგლისის ფლოტის სიამაყე, 36- და 14-ქვემეხიან „სკარბოროსა“ და „ედვინჩერზე“ ერთდროული თავდასხმა, რა დროსაც მეკობრეებმა „ედვინჩერი“ დაისაკუთრეს, ხოლო „სკარბორომ“ ძლივს გაასწრო სამშვიდობოს...
მაგრამ მოულოდნელად, 1718 წლის გაზაფხულზე თიჩი და მისი სამი თანამებრძოლი — შალვა ჯორჯიელი, დიური და ჰოუქსი ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორს მიადგნენ და სამოსახლო მიწის გამოყოფა მოსთხოვეს. გუბერნატორმა ედენმა ყაჩაღების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ისინიც პატიოსან ცხოვრებას შეუდგნენ.
უფრო მეტიც, დიური და შალვა ჯორჯიელი, თურმე, საკვირაო მესას არ აცდენდნენ და სხვა დღეებშიც ხშირად სტუმრობდნენ ეკლესიას. მაგრამ მალე მოსწყინდათ მშვიდობიანი ცხოვრება და ისევ ძველ გზას დაადგნენ. იმავე წლის ბოლოს ქალაქი ჩარლსტონი ბლოკადაში მოაქციეს და მხოლოდ მას შემდეგ დაეხსნენ, რაც ადგილობრივ ხელისუფალთაგან დიდი გამოსასყიდი მიიღეს.
თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა. ვირჯინიის გუბერნატორმა ალექსანდრ სთოფს ვუდმა ორი კარგად აღჭურვილი გემი გაგზავნა „შავწვერას“ მთავარი ბაზისკენ, კუნძულ ოკრაკონისკენ. იმ დროს თიჩს ადგილზე მხოლოდ ერთი ფრეგატი ჰყავდა, რადგან დანარჩენები ატლანტიკის ოკეანეში თარეშობდნენ. ბრძოლაში უპირატესობა თავიდან მეკობრებმა იგდეს ხელთ. შალვა ჯორჯიელის ზუსტად ნატყორცნმა ჭურვებმა ერთი ფრეგატი მწყობრიდან გამოიყვანა, მაგრამ თიჩმა შეცდომა დაუშვა: მეორე ფრეგატის აბორდაჟით აღება ბრძანა, მაგრამ ხელჩართულ ბრძოლაში მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა. სთოფს ვუდის ჯარისკაცებმა ყველა მეკობრე მოკლეს, მერე კი, ვირჯინიის გუბერნატორის ბრძანებით, თიჩისა და მისი რამდენიმე თანამერძოლის მოკვეთილი თავები ქალაქის ცენტრში ძელებზე წამოაცვეს.
ასე უსახელოდ დასრულდა უცხოეთში გადახვეწილი ქართველი მეკობრის შალვა ჯორჯიელისა და იმ დროის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის ედვარდ თიჩის ცხოვრება. ხოლო იმ ზღაპრულ ქონებას, რომელიც „შავწვერამ“ საიმედოდ გადამალა, დღემდე ვერავინ მიაგნო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ავანტიურისტს ჰქონდა ამ საგანძურის დაუფლების სურვილი.