„თბილისობის“ მოლოდინში: ხვალიდან დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართება და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. „თბილისობა-2022“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო ევროპის მოედნის მიმდებარედ ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ევროპის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე შეიზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მეტეხის ხიდზე და ევროპის მოედანზე. ასევე გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ასევე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი (გვირაბის გამოყენებით).
უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.
აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნის ნაცვლად, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N550, N580 გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
წელს „თბილისობის“ დღესასწაული 1-2 ოქტომბერს გაიმართება. შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს, ტრადიციულად, რიყე და ლეღვთახევი უმასპინძლებენ. ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
წყარო - თბილისის მერია