„ჩვენ ისტორია დავწერეთ": მძინარაშვილი საქართველოში დაბრუნდა

ლაშას აეროპორტში დახვდნენ მისი კოლეგები – ანსამბლ „რუსთავის" წევრები, გულშემატკივრები და მეგობრები.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. კასკადიორთა მსოფლიო აკადემიის ყოველწლიური პრემია Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია", მოცეკვავე და კასკადიორი ლაშა მძინარაშვილი საქართველოში დაბრუნდა.
მძინარაშვილს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ანსამბლ „რუსთავის" წევრებმა, ასევე გულშემატკივრებმა და მეგობრებმა.

„ჩვენ დავწერეთ ისტორია. ეს დიდი ბედნიერებაა. უახლოეს მომავალში მომიწევს უკან დაბრუნება, რათა ახალი ნაბიჯები გადაიდგას მომავლისთვის. ეს მარტო მე არ შემეხება, ეს ჩვენს ქვეყანას შეეხება", – განაცხადა მძინარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ლაშა მძინარაშვილი სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის" მოცეკვავეა. მძინარაშვილი ბრძოლის სცენას რამდენიმე თვის განმავლობაში დგამდა და პროექტში მუშაობდა კინოს ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, როგორიც არიან რალფ ფაინსი, რის ივანსი, სტენლი ტუჩი, მეტიუ გუდი, ჩარლზ დენსი.
საუბარია ფილმში King's Man ბრძოლის მთავარ სცენაზე, სადაც ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა.
ლაშა მძინარაშვილის თქმით, რის ივანსის დუბლიორის პოზიციაზე, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი, გრიგორი რასპუტინის როლი შეასრულა, ის კლაუდია შიფერმა დაამტკიცა. ყოფილი სუპერმოდელი ფილმის რეჟისორის მეტიუ ვონის მეუღლეა და ფილმის კასტინგი მას ეკუთვნის.
ბრძოლის სცენის ყველა ელემენტი მან და „სუხიშვილების" სოლისტმა ბაჩანა ჭანტურიამ დაზღვევის გარეშე შეასრულეს, რის შემდეგაც, როგორც ლაშამ აღიარა, კისრის მალების ტრავმა მიიღო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს