თბილისი, 29 სექტემბერი − Sputnik. მაჰსა ამინის სიკვდილი, რის გამოც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, ტრაგედიაა, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ.
მისი თქმით, ირანში ყველა დამწუხარებულია გოგონას გარდაცვალების გამო, რომელიც ქვეყნის მორალისა და ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა. ადგილობრივი უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ ახალგაზრდა ქალი სამართალდამცველებმა ცემით მოკლეს.
„ჩვენ ყველანი ვწუხვართ ამ ტრაგიკული ინციდენტის გამო, მაგრამ ქაოსი დაუშვებელია. მთავრობის წითელი ხაზი − ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაა. არ შეიძლება ადამიანებს არეულობით საზოგადოების სიმშვიდის დარღვევის უფლება მიეცეთ“, − განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ირანში მძაფრი საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ძალოვნებთან შეტაკებები სულ უფრო სისხლიანი ხდება. აქციებზე სულ უფრო ხმამაღლა და ხშირად ისმის ლოზუნგი „სიკვდილი დიქტატორს!“
ამასთან „როიტერის“ ჟურნალისტებს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ხელისუფლება არ აპირებს დემონსტრანტების წინაშე სისუსტის გამოჩენას, რომელთა შორის არიან არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სპორტსმენები, მსახიობები და სხვა ცნობილი ადამიანები. მთავრობამ უკვე დაადანაშაულა ქურთები სიძულვილის გაღვივებასა და პროტესტების წაქეზებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ფეხბურთის ნაკრების წევრები სენეგალის ნაკრებთან მატჩის დაწყებამდე, როდესაც სტადიონზე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნები სრულდებოდა, მოედანზე შავი ქურთუკებით გავიდნენ, რათა მაისურებზე თავიანთი ქვეყნის ემბლემა დაეფარათ და ამ სახით სოლიდარობა გამოეხატათ ირანელი დემონსტრანტებისა და დაღუპული მასჰა ამინის მიმართ.
მანამდე „რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ საპროტესტო აქციებს შეუერთდა ირანის ყოფილი პრეზიდენტის აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის ქალიშვილიც, რომელიც პოლიციამ პროტესტების წაქეზების ბრალდებით დააკავა. სულ, დღეისათვის არსებული ინფორმაციით, ირანში უკვე დაკავებულია 1200-ზე მეტი ადამიანი, შეტაკებებში კი 76 კაცია დაღუპული.
წყარო: Reuters