თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს თბილისში საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ევროჯასტის (Eurojust) პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო სისხლის სამართლის სფეროში ევროჯასტთან თანამშრომლობის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მესამე ქვეყანაა.
მხარეებმა მიმდინარე საერთო საქმეებზე იმსჯელეს და ამ საქმეების წარმატებით განვითარების პერსპექტივები დასახეს.
ევროჯასტის პრეზიდენტის, ლადისლავ ჰამრანის განცხადებით, სამართლებრივი თანამშრომლობის მხრივ საქართველოს და საქართველოს პროკურატურის მიღწევები ფენომენალურია.
ლადისლავ ჰამრანი თბილისში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
Eurojust-ი ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით 2002 წელს შეიქმნა. მის ამოცანას წარმოადგენს ეფექტური ბრძოლა მძიმე დანაშაულთან ევროკავშირის ფარგლებში უფრო მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობის გზით.