თბილისი, 28 სექტემბერი − Sputnik. ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ნარკოტიკების ჭარბი დოზის გამო კლინიკური სიკვდილი დაემართა, ჯოჯოხეთში იმოგზაურა და საშინელებები იხილა, იუწყება Express-ი.
გამოცემის ცნობით, მომხდარის შესახებ ფრანსინმა (მის გვარს არ ასახელებენ) სიკვდილის გამოცდილების კვლევის ფონდს აცნობა. ქალი ამბობს, რომ ის სხეულიდან გავიდა და საკუთარ თავს სადღაც ზემოდან აკვირდებოდა.
„ვხედავდი როგორ ცდილობდნენ ჩემ გაცოცხლებას. ამ დროს მოულოდნელად საშინელი არსებები შემომეხვივნენ, რომლებსაც მე „ბნელეთის ანგელოზები“ დავარქვი. ისინი გარითმულად ამბობდნენ ფრაზას „სინათლიდან ბნელში...“, რომლის მეორე ნაწილი არ მახსოვს“, — ამბობს ფრანსინი.
მისი თქმით, საზარელი არსებები მას ნაფლეთებად გლეჯდნენ მანამ, სანამ ის „არაფრად არ იქცა“.
„მესმოდა სხვა სულების კივილი და ვგრძნობდი მათ ტკივილს. ბოროტმა არსებამ დაკითხვა მომიწყო და ეს მარადისობას ჰგავდა. მას სურდა გაეგო, ვის ვეთაყვანებოდი სულიერად და რისი მჯეროდა“, — უთხრა ქალმა მკვლევარებს.
საბოლოოდ, საშინელი ტკივილებით გატანჯული ფრანსინი გამოუტყდა ბოროტ არსებას, რომ ისეო ქრისტესი სწამდა და ამიტომ დემონები ვერაფერს დაუშავებდნენ. ამის შემდეგ, ქალის თქმით, მან მოულოდნელად დატოვა ჯოჯოხეთი, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა.
ფრანსინი ამბობს, რომ „ბნელეთის ანგელოზებმა“ მას მთელი თავისი ცხოვრება აჩვენეს − ძალიან დეტალურად, ის მომენტებიც კი, თუ ოდესმე ვინმესთვის ამრეზით შეუხედავს. ქალის თქმით, ამ მომენტში მან მკაფიოდ შეიგრძნო, როგორ ტკივილს აყენებდა სხვებს თავისი ქცევით.
და, მაინც, ეს კიდევ არ იყო ყველაფერი. ჯოჯოხეთში მოგზაურობის შემდეგ, ფრანსინის თქმით, ის დედის მუცელში აღმოჩნდა.
„ყველაფერი საოცრად მშვიდად იყო, სანამ არ დავიბადე. სამყაროს ბოროტება მაშინ გამახსენდა, როდესაც ექიმმა გაიფიქრა: „აი, კიდევ ერთი მეძავი“. მისი ფიქრები გავიგონე და ძალიან დავნაღვლიანდი. ამის შემდეგ ათასჯერ დავიბადე და მოვკვდი. ეს უსასრულობა იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, და მინდოდა დროზე დამთავრებულიყო“, — ჰყვება ფრანსინი.
ნიუ-იორკის სამედიცინო სკოლის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების დირექტორი სემ პარნია განმარტავს, რომ ქალის მიერ აღწერილი ამბავი — ნორმალური ფენომენია და ის მაინცდამაინც არ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანმა ნამდვილად სამოთხეში ან ჯოჯოხეთში იმოგზაურა. მისი თქმით, ამგვარ რეაქციას მეცნიერული ახსნა აქვს: უბრალოდ, ამ დროს ტვინი სკანირებას გადის თვითგადასარჩენად.
წყარო: Express