თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. პიკის საათებში მეტროს სადგურებში მგზავრთა ნაკადებს მონიტორინგის თანამშრომლები მოაწესრიგებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის მერმა კახა კალაძემ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო.
კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს დაავალა, პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს, მათ შორის ჩართოს ექსპერტები, დარგის სპეციალისტები ნაკადების მართვის კუთხით.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მისთვის პირადად და თბილისის მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.
ბოლო პერიოდში პიკის საათებში ანალოგიური პრობლემებია შექმნილი მეტროს რამდენიმე სადგურზე, მათ შორის, „სადგურის მოედანზე“, „ვარკეთილისა" და „ახმეტელის თეატრის" შესასვლელებში, სადაც პიკის საათებში მოქალაქეების დიდ რაოდენობას შესასვლელები ვერ ატარებს და პრობლემები იქმნება.