გრიგოლ ლილუაშვილი: უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი

სუსის უფროსმა ტელეარხის ბრალდებებს სპექტაკლი უწოდა და მათ ხელთ არსებული მასალების უწყებისთვის გადაცემა შესთავაზა.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ფარული საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ კანონიერ საფუძველზე მიმდინარეობს, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ასე უპასუხა ლილუაშვილმა ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვას, „რატომ უსმენენ ჟურნალისტებს აქტიურად“. გასულ კვირაში ტელეკომპანიის გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი" გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ითქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პიროვნების, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების ფარულ თვალთვალს ახორციელებს.

„უსმენენ მას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის ინტერესებს. ვინმემ გამოიყენა ეს თქვენ წინააღმდეგ? დაგაშანტაჟათ თუ რა, საიდან მოგაქვთ?“ – განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუსის უფროსმა ტელეარხის ბრალდებებს სპექტაკლი უწოდა და მათ ხელთ არსებული მასალების უწყებისთვის გადაცემა შესთავაზა.
„გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთა გაქვთო, და რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა. მაგრამ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან“, – მიმართა ლილუაშვილმა „TV პირველის“ ჟურნალისტს.
მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „წარსულის გამეორება“ უწოდა პარლამენტის მიერ ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტის მიღებას. პრეზიდენტის თქმით, კანონი გარკვეულწილად გააფართოვებს მოსმენებს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ იტოვებს ტელეფონს, როდესაც მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს, რადგან მასაც უსმენენ.
ვახტანგ გომელაური: უკანონოდ არავინ არავის უსმენს >>
მოსმენებთან დაკავშირებული ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჯერ კიდევ 7 ივნისს მიიღეს, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა მათ ხელი არ მოაწერა და თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება, პროექტი პარლამენტს დაუბრუნა.
პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. კანონპროექტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას და თვალთვალის შესახებ პოტენციური დამნაშავისთვის შეტყობინების გადავადებას. საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ, აშშ-ის საელჩომ.

კანონის თავისებურებები

საქართველოში ფარული თვალთვალი და მიყურადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სამი თვის ვადაში ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაყენება პროკურორს შეუძლია. ამ ვადის სამი თვით გასაგრძელებლად საჭიროა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობა, ხოლო დამატებით კიდევ სამი თვით – გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.
ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ამას გარდა, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.