ურევია თუ არა გაზსადენებზე დივერსიაში აშშ-ის ხელი: რუსეთი ბაიდენისგან პასუხს ითხოვს

Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა უპასუხოს კითხვას, განახორციელა თუ არა შეერთებულმა შტატებმა თავისი მუქარა და ურევია თუ არა ვაშინგტონის ხელი რუსულ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ ავარიებში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
მან „ტელეგრამზე“ ბაიდენის თებერვლის გამოსვლის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს: „თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუ ტანკები ან ჯარები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი“ აღარ იარსებებს. ჩვენ მას ბოლოს მოვუღებთ. გპირდებით, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“.

„აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვალდებულია უპასუხოს კითხვას, განახორციელა თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი მუქარა 2022 წლის 25 და 26 სექტემბერს, როდესაც „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე საგანგებო შემთხვევა მოხდა, რაც, სავარაუდოდ, კვალიფიცირდება როგორც მილსადენის რღვევა“, − თქვა ზახაროვამ.

მისი თქმით, ბაიდენის განზრახვა დაპირებით იყო გამყარებული, ხოლო თავის სიტყვაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, ევროპამ კი სიმართლე უნდა გაიგოს.
მანამდე ბაიდენის იგივე ციტატა საკუთარ „ტვიტერზე“ პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მომხდარი ინციდენტების შესახებ გახდა ცნობილი. ექს-მინისტრმა იქვე მადლობა გადაუხადა ამერიკას, თუმცა რისთვის ემადლიერებოდა შეერთებულ შტატებს, არ დაუკონკრეტებია.
ორშაბათს რუსული გაზსადენების ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე საგანგებო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მილსადენებიდან გაზმა გაჟონა. დანიისა და შვედეთის ხელისუფლებების განცხადებით, გაზსადენებზე დივერსიული აფეთქება მოხდა. აშშ-ის, გერმანიისა და პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა კი არ გამორიცხეს, რომ დივერსია თავად რუსეთის მოწყობილი იყოს. როგორც კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი „უკიდურესად შეშფოთებულია“ გაზსადენებიდან გაჟონვით, რასაც გაზზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა.