თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან თბილისში დილიდან ხალხმრავლობაა — აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივის მისაგებად, მათი ოჯახების წევრების გარდა, ასევე მიდიან მთავრობის წევრები, დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები, უბრალო მოქალაქეები.
27 სექტემბერი გლოვის დღედ არის გამოცხადებული – ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში 27 სექტემბერი ხსოვნისა და იმედის დღედ არის მიჩნეული.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.