თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ახალციხეში პურის ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიმართება, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
პურის ფესტივალი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც 2010 წლიდან უკვე მეოთხედ იმართება ახალციხეში.
ღონისძიების მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა და პოპულარიზაცია, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს ან ორგანიზაციებს, მათ შორის, უცხოელ და ადგილობრივ მეწარმეებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ კოოპერატიული და საქმიანი ურთიერთობები, გახადონ პროდუქტი უფრო ცნობადი როგორც რეგიონში, ისე საქართველოს მასშტაბით.
რეგიონში მცხოვრები მეწარმეებისთვის ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა სხვა დაინტერესებულმა პირებმა კი უნდა გაიარონ რეგისტრაცია.