მოსაზრება: ევროკავშირს პურის ბუნტი ელოდება - ვინ ხეირობს ევროპის კრიზისით

Sputnik
ირინა კრასიკოვა
ევროპაში ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმს სცდება: ძვირდება ელექტრობა, პროდუქტები. რიგითი ევროპელები ქამრებს იჭერენ, კომპანიები ბიზნესს ხურავენ. ევროკავშირს ხანგრძლივი რეცესია ელოდება, მოსალოდნელია სახალხო მღელვარება, ვარაუდობენ ანალიტიკოსები.

რეკორდული ფასები

აგვისტოში პური ევროკავშირში საშუალოდ 18 პროცენტით გაძვირდა, აღნიშნავს „ევროსტატი“. ყველაზე მეტად უნგრეთში – 66%-ით, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და სლოვაკეთში – 30%-ით.
დასავლეთ ევროპაში უკეთესი სიტუაციაა. მაგალითად, საფრანგეთში პროდუქტის ფასებმა 8%-ით მოიმატა, ნიდერლანდსა და ლუქსემბურგში – 10%-ით.
არამდიდარ ქვეყნებს უფრო უჭირთ, აღნიშნავს ხორვატიული გამოცემა Advance.
ევროპის ბაზარზე უკრაინული ხორბლის იმპორტის შემცირება სწრაფად აისახა – 4,5 მილიონი ტონა შავი ზღვის ნავსადგურებში გაიჭედა.
ამას დაემატა გვალვა, უძლიერესი 500 წლის განმავლობაში. ივლისში ევროკომისიამ რეგიონის ქვეყნების ნახევარში მოუსავლიანობის შესახებ გამოაცხადა. ყველაზე რთული ვითარება აღმოსავლეთ ირლანდიაში, იტალიაში, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და ფინეთშია. ცეცხლზე ნავთი დაასხა სანქციებმა.
კარგი ამინდები არც ინდოეთში იყო, რომელიც აპირებდა უკრაინული ხორბლის დანაკლისის ამოვსებას. ქვეყანაში ცხელი გაზაფხული იყო და მოუხდათ ექსპორტის შემცირება, რის გამოც ბაზარზე კვლავ ნედლეულის ნაკლებობაა.
მაგრამ საქმე მხოლოდ ბუნებრივ კატაკლიზმებს არ ეხება. ევროკავშირი შეეჯახა ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც რუსულ გაზზე უარმა გამოიწვია. ევროპაში კოტირებები მკვეთრად გაიზარდა, ათას კუბომეტრზე 3 ათას დოლარამდე. ცისფერ საწვავს ევროპელები ელექტრობის გენერაციისთვის იყენებენ. შედეგად ელექტროენერგიის ფიუჩერსის ფასმა ისტორიულ რეკორდს გადააჭარბა. გერმანიასა და საფრანგეთში ის ერთი მეგავატი საათისთვის ათას ევროს ასცდა.
ამასთან, ევროკავშირს არ ჰყოფნის წყალი ჰიდროელექტროსადგურებისთვის. მაგალითად, მათი წილი ნორვეგიის ენერგობალანსში 95%-ს აღწევს. ქვეყანა სიმძლავრეების ექსპორტს ეწევა შვეიცარიაში, დანიაში, ნიდერლანდში.
ხარჯი იზრდება და საწარმოებიც იძულებული არიან გაზარდონ ფასები. რიგით ევროპელებს უწევთ ხარჯის შემცირება.
პურის გაძვირებამ სახალხო მღელვარება შეიძლება გამოიწვიოს, წერს იტალიური გაზეთი La Stampa. თუმცა, თუ ევროპის კომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს დაეჯერება, ევროკავშირის მოსახლეობა მზადაა დაზარალდეს რუსეთთან ბრძოლის ხათრით.
ამიტომ ბრიუსელმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ შეამციროს ტემპერატურა ოფისებში და საზოგადოებრივ ადგილებში.

ახალი დამოკიდებულება

ვიდრე ბრიუსელი გათბობაზე ეკონომიას ეწევა, წლიური ინფლაცია ევროკავშირში მაქსიმუმს სცდება. აგვისტოში ის 10%-ს ასცდა. ივლისში – 9,8%-ს. „დიდწილად ეს გამოწვეულია დასავლეთის ცენტრალური ბანკების ზერბილი პოლიტიკით. გაავსეს ფულით ეკონომიკა, რათა გადაელახათ პანდემიით გამოწვეული ვარდნა“, – აღნიშნავს მარკ გოიჰმანი, ანალიტიკური ცენტრ TeleTrade-ის ეკონომისტი. ამას ემატება გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ენერგორესურსებზე კოტირებების ზრდა, მოუსავლიანობა.
მაგრამ ბოლო დროს ეს ფაქტორები თანდათანობით კარგავენ სიმწვავეს, აღნიშნავენ ანალიტიკოსები. მარეგულირებლები საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან.
განახლდა რუსული და უკრაინული ხორბლის იმპორტი. ევროპული მიწისქვეშა გაზის საცავები 80-85%-ით არის შევსებული. დაიწია კოტირებებმა ცისფერ საწვავზე. არც შავი ოქრო ჩამორჩება: Brent-ის მარკის ერთი ბარელი საწვავი 90 დოლარზე ნაკლები ღირს.
თუმცა მოდუნება არ შეიძლება. სინოპტიკოსები ევროპაში ცივი ზამთრის პროგნოზს აკეთებენ.
რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი 50 მილიარდ კუბომეტრამდე შემცირდა, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბომეტრი შეიძინა. ამგვარად, მიწოდება შეიძლება თითქმის სამჯერ შემცირდეს.
ამასთან, კარგი მოსავალი არ მოვიდა ჩინეთშიც, სადაც ყველაზე მეტ მარცვლეულს მოიხმარენ. პეკინი აპირებს მარცვლეულის შეძენას მსოფლიო ბაზარზე. ამიტომ ევროპაში პურის გაძვირება ზღვარი არ არის, ვარაუდობს ექსპერტი ვლადისლავ ანტონოვი.
ფულის დახარჯვა მოუწევთ ენერგორესურსებზეც – მათი ფასები ახლა რამდენჯერმე აღემატება ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებლებს. ევროკავშირმა უკვე დაკარგა ენერგეტიკული კრიზისის გამო თითქმის ნახევარი ტრილიონი ევრო, აღნიშნავენ Bruegel-ის ანალიტიკოსები. ევროკავშირის წევრების ძალისხმევით გამოიყო 314 მილიარდი ევრო, რათა შერბილებულიყო დარტყმა მოსახლეობასა და საწარმოებზე. დიდმა ბრიტანეთმა 178 მილიარდი ჩადო. თუმცა, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, ეს თანხა საკმარისი არ იქნება.
„დავინახეთ, რომ ენერგომატარებლების ფასები ევროპაში გაიზარდა, მათთვის ეს ზამთარი ძალიან მძიმე იქნება“, – თანაუგრძნობს ევროპელებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი.
გაცილებით უკეთესი ვითარებაა აშშ-ში. „რასაკვირველია, ამას ჩვენზეც აქვს გავლენა, მაგრამ ისეთი არა, როგორიც მათზე“, – დასძენს იელენი. ვაშინგტონი აპირებს დაეხმაროს პოლიტიკურ მოკავშირეს „ალტერნატიული წყაროების მოძიებაში“.
დიდხანს არ უფიქრიათ: გადაწყვიტეს ევროპელების მყარად და დიდი ხნით თავიანთ თხევად აირზე გადაყვანა. წლის პირველ ნახევარში აშშ მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა – მიწოდება გაიზარდა 12%-ით 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ძირითადი ნაწილი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა – ევროპის საერთო იმპორტის 47% შეავსეს. უმსხვილეს გამყიდველებს შორის არიან ასევე კატარი, რუსეთი და აფრიკული ქვეყნები.
მეტიც, გერმანია და აშშ შეთანხმდნენ გრძელვადიან – ოცწლიან კონტრაქტებზე, დაწყებული 2026 წლიდან. გერმანიაში ახლა არ არსებობს თხევადი აირისთვის ინფრასტრუქტურა, მაგრამ ქვეყანა დაჩქარებული ტემპით აშენებს აუცილებელ ტერმინალებს.
რუსული გაზსადენების სწრაფად ჩანაცვლება არ გამოვა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დაბრუნდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კონტრაქტით თხევადი აირის მხოლოდ ერთ კონტეინერზე, აღნიშნავს Bloomberg. ამიტომ ანალიტიკოსები ელოდებიან ცისფერი საწვავის შემდგომ გაძვირებას. ზამთარში ათასი კუბომეტრი 4 ათას დოლარზე მეტი ეღირება, ივარაუდეს „გაზპრომში“. შედეგად ევროკავშირის სამრეწველო სექტორს პრობლემები ელოდება.
ზოგიერთ ევროპულ კომპანიას ენერგომატარებლების გაძვირების გამო სიმძლავრეები აშშ-ში გადააქვს. „აშშ-ის ეკონომიკა აღმოჩნდა იმათ შორის, ვინც ევროპის ენერგეტიკული კრიზისიდან ყველაზე მეტად იხეირა“, – წერს გაზეთი The Wall Street Journal.
გამოცემა აღნიშნავს, რომ არსებობს „დეინდუსტრიალიზაციის ახალი ეპოქის“ დაწყების რისკი. რეგიონს ხანგრძლივი და ღრმა რეცესია ელოდება, აცხადებენ Deutsche Bank-ის სპეციალისტები. მშპ-ის ვარდნა სამი პროცენტი იქნება და ეს მომდევნო წლის შუა პერიოდამდე შენარჩუნდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე