წყნეთი-კოჯრის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა აღდგა

მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 536.029 ლარი გამოიყო.
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. წყნეთი-კოჯორის საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე გზის ნაწილი ივნისში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაზიანდა.

„ივლისში ხელშეკრულება გავაფორმეთ კონტრაქტორ კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც დაიწყო ფერდის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისათვის ფერდი მთლიანად გამაგრდა, დაიგო ასფალტის საფარი და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივადაა შესაძლებელი“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამ სამუშაოების დროს ყველა ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ სამომავლოდ გზის აღნიშნულ კონკრეტულ მონაკვეთს პრობლემები არ შეექმნას და უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების მიზნით გადაუდებელი სამუშაოების განხორციელება ოპერატიულად დაიწყო. ფერდის გამაგრების სამუშაოები სპეციალისტების კვლევის საფუძველზე ჩატარდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინაბეტონის კედელი, გაბიონები.
მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩასატარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 536.029 ლარი გამოიყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს