თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ფერმერებს ახალი ბაღების გასაშენებლად და სანერგე მეურნეობების მოსაწყობად დამატებით თანხებს გამოუყოფს, ნათქვამია 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებში.
ცვლილებების მიხედვით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ დასაფინანსებლად დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს თანხა 4,4 ათას ჰექტარზე ახალი ბაღების გაშენებასა და სამი ახალი სანერგე მეურნეობის მოწყობას მოხმარდება.
გარდა ამისა, თანხების ნაწილი დაიხარჯება სარწყავ და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების მოწყობაზე, ჭების ბურღვაზე და ახალი ნერგების შესყიდვაზე.
სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ქვეყანაში ბაღების გაშენებას უწყობს ხელს, 2015 წლის მარტიდან მოქმედებს. აღნიშნული პროექტი, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია, სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროექტის „დანერგე მომავალი“ მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ფოთის გარდა) სასოფლო–სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების მაქსიმალურად ხელშეწყობა მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის მოწყობის გზით.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაკლოვან კულტურებს, ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით 8,455 ჰექტარზეა გაშენებული. თანადაფინანსება 39.2 მლნ ლარს შეადგენს.