თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ტრადიციული თბილისის მარათონის (Tbilisi Marathon) გამო 25 სექტემბერს 00:00-დან 11:00 საათამდე თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრადიციული მარათონი სირბილის მოყვარულთ დედაქალაქში მეათედ შეკრებს. მარათონში მონაწილეობის მიღებას 3 ათასი ადამიანი შეძლებს. მარათონი მოიცავს სამ გარბენს – ნახევარ-მარათონს (21,097 კმ), 10-კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს (6-11 წლამდე – 500 მ და 11-15 წლამდე – 1,2 კმ).
მარათონის მონაწილეები სტარტს რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებენ, წრეს გაირბენენ და ფინიშზე კვლავ იქ დაბრუნდებიან.
მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდული იქნება და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.
გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მარჯანიშვილის მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.
სატრანსპორტო გადაადგილება ასევე შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასალის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასალის ქუჩას და მოძრაობას კრწანისის მოედნის მიმართულებით მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.
გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეძლებენ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასალის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.
„თბილისიმარათონის“ მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებაც იცვლება. მარშრუტების სრული ჩამონათვალი მოყვანილია მერიის ვებგვერდზე.