თბილისი, 23 სექტემბერი − Sputnik. ჩეჩნეთში მობილიზაცია არ ჩატარდება, გაწვევის გეგმა რესპუბლიკაში გადაჭარბებითაა შესრულებული, განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა.
როგორც მან ოპერატიულ შტაბთან თათბირზე აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 20 ათასმა ჩეჩენმა მიიღო მონაწილეობა, რაც გეგმის 254%-ით შესრულებას ნიშნავს.
„ჩეჩნეთმა გაწვევის გეგმა 254%-ით შეასრულა. ასეთ მაჩვენებელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი ქვედანაყოფების ჩამოყალიბების წყალობით მივაღწიეთ. სამსახურის ყველა კანდიდატმა სამხედრო კომისარიატი გაიარა. ეს მექანიზმი ჯერ კიდევ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე შევიმუშავეთ. <...> მოსახლეობას ჯერ ეჭვიც არ ჰქონდა, რომ ასეთი საკითხები წამოიჭრებოდა, ჩვენ კი უკვე ყველაფერი მოვაგვარეთ. ამიტომ მოვუწოდებ ჩეჩნეთის მოსახლეობას, კერძოდ კი ჩვენს საყვარელ და პატივსაცემ დედებს, მშვიდად იყვნენ“, − ნათქვამია კადიროვის Telegram-არხზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, არმიაში 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა იგეგმება, რაც ქვეყნის მთლიანი სამობილიზაციო რესურსის მხოლოდ 1%-ია.