თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ერთწლიანი კულტურების მოყვანის მხარდასაჭერად სახელმწიფო პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ნახევარ წელიწადში 147,9 მლნ ლარის ოდენობის კრედიტები გაიცა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ია, საიდანაც წლიურ 9%-ს სახელმწიფო ფარავს.
პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე კრედიტის ოდენობა 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე შუალედში განისაზღვრა.
გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლიანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საპოხი მასალების შეძენას, ასევე მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
სესხით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოებისა.
საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სესხების მიზანია ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად საბრუნავი საშუალებების ღირებულების შემცირება და ფერმერებისთვის უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის შესაძლებლობის შექმნა.