ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილი ტრანსპორტისთვის თავისუფალი იქნება

დედაქალაქის ამ უბანში ტრანსპორტის გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვე იყო შეზღუდული.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირზე ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება, იუწყება თბილისის მერია.
ტრანსპორტის გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვე იყო შეზღუდული.
„23 სექტემბრიდან აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ, როგორც მარცხნივ მოხვევით, ასევე, თელავისა და ბოჭორმის ქუჩების მიმართულებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების სქემა იცვლება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენები უკვე დაიგო.
თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის განახლების სამუშაოების დაწყების შესახებ 2022 წლის მაისში გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა სადრენაჟო სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ძველი ბორდიურები და ტროტუარები.
ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განლაგდა, გარე განათების ქსელი მთლიანად განახლდა, დამონტაჟდა თანამედროვე LED განათების სისტემა.