პრემიერი: საქართველო მზად არის იყოს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აღნიშნული ინიციატივა არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს, აღნიშნა ღარიბაშვილმა
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოს აპირებს შეიტანოს საკუთარი წვლილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
„რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ ივლისში პირველად უმასპინძლა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების „ნაყოფიერ დისკუსიებს“.
„მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში. ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს.
„საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.