თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, შესაბამის ბრძანებულებას უკვე მოეწერა ხელი.
დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 20 ნოემბერს ჩატარდება.
მანამდე ყაზახეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა − ხელახალი არჩევის უფლების გარეშე.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივა იანვრის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თავად წამოაყენა. ყაზახეთში ახალი წლის პირველ დღეებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზზე ფასის მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო. 4 იანვრიდან ალმატიში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის არაერთხელ მოხდა შეტაკება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის სასწრაფოდ შეცვლას მოითხოვდნენ.