თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მხრიდან სასამართლოზე შესაძლო ზეწოლის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით.
გოგაშვილი 16 ივლისიდან საპატიმროში იმყოფება. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება, შენახვა, გავრცელება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. ის ციხიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო სკანდალურ განცხადებებს ავრცელებს.
„როცა ის დაკავებული იყო და სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, დამიკავშირდა ასეთი შინაარსის წერილით, რომ თუ ჩემი მხრიდან არ მოხდებოდა დახმარება და მის მიმართ არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს, სასამართლო სისტემას ზოგადად, მე, მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. დაგვაბრალებდა რაღაცებს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურ დისკრედიტაციას“, – განაცხადა მურუსიძემ.
ეს განცხადება მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მურუსიძის სიტყვებით, გოგაშვილმა მას თავისი ქონების დაყადაღების საკითხის გადაწყვეტის დროსაც მიმართა.
ამ სიტყვების დასამტკიცებლად მურუსიძემ მოიყვანა გოგაშვილის ამასწინანდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე სუსის დახმარებით მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლას ახორციელებდა.
„ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მესამედ მოხდა ჩემთან შეტყობინება, ფაქტობრივად, იმის აღიარება, რომ „ხომ ხედავ, დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია, შესაბამისად, თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, გაგრძელდება აღნიშნული დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებს“, – აღნიშნა მურუსიძემ.
ბოლო განცხადებაში გოგაშვილმა ისაუბრა ბესარიონ ალავიძეზე განხორციელებულ ზეწოლაზე, როდესაც ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და იხილავდა „რუსთავი 2“-ის საქმეს.
იმაზე, რომ მოსამართლეებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და მათ „ქუჩის გარჩევებს“ უწყობდნენ, ოპოზიციური „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავად ალავიძემ ისაუბრა.
მისი სიტყვებით, ხელისუფლებისგან არაერთხელ მიუღია წინადადება, მიეღო გარკვეული გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეებზე. თუმცა ალავიძეს არ დაუზუსტებია, რომელ საქმეებს გულისხმობდა.
ამასთან, ალავიძის მტკიცებით, ბევრი მოსამართლე, მათ შორის თავადაც, გამხდარა დევნის ობიექტი, მათ უსამართლოდ მოექცნენ, აიძულეს დაეწერათ განცხადება სისტემის დატოვების ან ქვედა ინსტანციაში გადასვლის შესახებ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.