თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ეროვნული თანხმობის მიღწევა შესაძლებელია, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და იდეოლოგიისა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
2021 წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, დაწყებულიყო ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესი. ამ მიზნით პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. თუმცა პოლარიზაციის დონის შემცირება ვერ მოხერხდა.
„დღეს, როცა ვუყურებთ პოლიტიკური ემიგრაციის ამ ფურცლებს, ვრწმუნდებით, რომ შესაძლებელია ეროვნული თანხმობა შედგეს, თუნდაც იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ძალიან განსხვავებული წარმოდგენები და იდეოლოგია აქვთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი სიტყვებით, ეს შესაძლებელია, თუ პირველ ადგილზე სახელმწიფოს დავაყენებთ.
ამ სიტყვებით გახსნა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში რევოლუციონერისა და ანარქისტის ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925) შრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენა.
პრეზიდენტის სიტყვებით, დღეს წინა პლანზეა სხვადასხვა ადამიანის ერთმანეთთან დაჯახება, რომლის დროსაც რჩება განცდა, რომ ხშირად იკარგება სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები.
„სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილია მაგალითი იმისა, რომ სხვანაირადაც შეიძლება... ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მაინც არსებობდა ერთიანი გაგება იმისა, რომ მთავარი საქართველოს დამოუკიდებლობაა და ყველა ამისთვის იბრძოდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დეპოლარიზაცია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წამოყენებული ერთ-ერთი პირობაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მანამდე ეს სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, ხოლო საქართველოს სტატუსის მისაღებად 12 პირობა აქვს შესასრულებელი.
პოლარიზაცია საქართველოში არჩევნების მოლოდინში კიდევ უფრო მწვავდება. ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც საუბრობენ კონფრონტაციის დასრულების მნიშვნელობაზე, მაგრამ ურთიერთბრალდებების ნაკადი არ წყდება.
დაპირისპირების ახალი ტალღა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო. მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სანქციებით უფრო მეტად თავად საქართველო დაზარალდება. თუმცაღა, საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
პოლარიზაციის დონის შემცირება ვერ მოხერხდა ევროკავშირის პირობების შესრულების პროცესშიც. ოპოზიციის ნაწილმა მმართველი პარტია იმაში დაადანაშაულა, რომ მთელი მისი საქმიანობა ფარსია, და კანონპროექტებზე მუშაობის ალტერნატიული პროცესი წამოიწყო.