თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ნუშის, სოიოს, ბრინჯის, ქოქოსისა და სხვა მცენარეული რძე შეიძლება ძროხის რძის შესანიშნავი ალტერნატივა იყოს, ვინაიდან ისინი არ შეიცავს ლაქტოზას, თუმცა ყველაზე მარგებლად მაინც უცვლელად რჩება ჩვეულებრივი ძროხის რძე, აცხადებენ კანადელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც Journal of Food Science Technology-ში გამოქვეყნდა.
კანადელი მეცნიერები ამ დასკვნამდე ანალიზის საფუძველზე მივიდნენ, რა დროსაც ოთხი ყველაზე პოპულარული მცენარეული რძის ერთი ულუფის კვებითი ღირებულება შეაფასეს ძროხის რძესთან შედარებით.
როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, ისინი „გაოცებულნი დარჩნენ იმით, რომ მცენარეული რძის ბევრ პროდუქტში, ძროხის რძესთან შედარებით, მიკრო და მაკროელემენტების საკმარისი რაოდენობა ვერ აღმოაჩინეს“.
ძროხის რძე მდიდარია ცილებითა და სხვა საკვანძო საკვები ნივთიერებებით, მათ შორის, ცხიმებითა და ნახშირწყლებით, აქვს გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები და ამასთან დადასტურებულია, რომ ბავშვებს სიცხისა და რესპირატორული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
თუმცა მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ძროხის რძემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა მავნე პათოგენების − სალმონელას და ნაწლავის ჩხირის გადატანა, ან ალერგია. გარდა ამისა, ძროხის რძე მდიდარია ლაქტოზით, რასაც ბევრი ადამიანის ორგანიზმი უბრალოდ ვერ ითვისებს. ეს უკანასკნელი პათოლოგია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში იმ ფერმენტის ნაკლებობის გამო წარმოიქმნება, რომელიც აუცილებელია ლაქტოზის შემცველი პროდუქტების, კერძოდ, ძროხის რძის დაშლისთვის.
იმისათვის, რომ სხვადასხვა სახეობის რძის პლუსები და მინუსები დაედგინათ, კანადელმა მეცნიერებმა რამდენიმე ათეული კვლევა შეისწავლეს და დაადგინეს:
ქოქოსის რძე − მიუხედავად იმისა, რომ დაბალკალორიულიცაა და გემრიელიც, პრაქტიკულად არ შეიცავს ცილებს. სამაგიეროდ შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს;
ნუშის რძე − დაბალკალორიული და გემრიელი პროდუქტია, რომელშიც ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების საკმარისი რაოდენობა შედის − თითქმის იმდენივე, რამდენიც ძროხის რძეში. თუმცა მისი სმა ეკრძალებათ პირებს, რომლებსაც ალერგია აქვთ კაკალზე და მსგავს პროდუქტზე;
ბრინჯის რძე − კალორიულობით ძროხის რძის მსგავსია, თუმცა უფრო მეტ ნახშირწყლებს შეიცავს. ამასთან ღარიბია კალციუმით, ცხიმებითა და ცილებით;
სოიოს რძე − არც ისე გემრიელი პროდუქტია, რომელიც მდიდარია ცილებით. ხოლო ცხიმებსა და ნახშირწყლებს თითქმის ისეთივე რაოდენობით შეიცავს, რამდენსაც ძროხის რძე.
ქვემოთ გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც სხვადასხვა სახეობის რძეში შემავალი საკვები ნივთიერებების რაოდენობაა მოყვანილი.
რძის ტიპები და შემადგენლობა 100 გ პროდუქტში (გრამებში)
რძის ტიპი | ცილები | ცხიმები | შაქარი | კალციუმი |
ქოქოსის რძე | 2,3 | 23,8 | 3,3 | 16 |
ძროხის რძე - ცხიმიანი | 3,5 | 3,7 | 4,6 | 124 |
ძროხის რძე - საშუალო ცხიმიანობის | 3,6 | 1,8 | 4,7 | 124 |
ძროხის რძე - უცხიმო | 3,6 | 03 | 4,8 | 130 |
სოიოს რძე - ტკბილი | 3,2 | 2,5 | 2,2 | 134 |
სოისო რძე - დაუმტკბარი | 2,4 | 1,6 | 02 | 119 |
შვრიის რძე | 1 | 0,7 | 3,8 | 4,5 |
შვრიის რძე - გამდიდრებული | 1 | 1,5 | 3,8 | 119 |
ნუშის რძე - ტკბილი | 0,5 | 0,1 | 3,1 | 124 |
ნუშის რძე - დაუმტკბარი | 0,4 | 1,1 | 0,1 | 119 |
ბრინჯის რძე | 0,3 | 1,0 | 5,3 | 118 |