თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
გუშინ ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. მძარცველმა, რომელსაც 14 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი და ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, 2 მილიონი დოლარი მოითხოვა. შსს-ს სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. საბოლოოდ თავდამსხმელი დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გუშინ ქვეყნის მთელი მოსახლეობა აკვირდებოდა პოლიციელების ქცევას – როგორ უზრუნველყოფდნენ მძევლად აყვანილი მოქალაქეების უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად.
„ყოველ მათ ასეთ გმირობას შეიძლება ვერ ვამჩნევდეთ, ვერ ვხედავდეთ, მაგრამ ეს არის ყოველდღიური მათი საქმიანობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციას მათი საქმიანობისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
როგორც შსს-ში აღნიშნეს, მძევლების გათავისუფლება ეტაპობრივად განხორციელდა. ბოროტმოქმედი ისე დააკავეს, რომ სასურველი თანხა ვერ მიიღო. ბოლოს მან მოთხოვნილი თანხა 1,5 მილიონ დოლარამდე შეამცირა.
ბრალდებული ვინმე გრიგოლ ნარსია აღმოჩნდა. თავდამსხმელთან მოლაპარაკება მძევლების შუამავლობით მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, თავდამსხმელი მძევლებს პერიოდულად სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გასვლას აიძულებდა. სწორედ აქედან შეიტყო ყველამ რას ითხოვდა თავდამსხმელი და რომ ბანკის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო.
თავდაპირველად მამაკაცმა 2 მილიონი დოლარი მოითხოვა, მოგვიანებით ამას დაემატა ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა.
მამაკაცს ედავებიან ტერორისტული აქტის ჩადენას, ადამიანების ტერორისტული მიზნებისთვის მძევლად აყვანას და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. უახლოეს მომავალში დაკავებულს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.