მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს

მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით თბილისის მერიას კონკრეტული გეგმა უკვე აქვს და მომავალში კონკრეტული თანხებიც გამოიყოფა.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ საკითხზე მუშაობას მუნიციპალიტეტის მთავრობა აქტიურად განაგრძობს.

„დედაქალაქის მერია იყო ინიციატორი კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, წარვადგინეთ კანონპროექტი და პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა. კანონი ეხება იმას, რომ ცხოველების უხეში მოპყრობა, ცემა, დაზიანება, მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულია და ამას შესაბამისი უწყებები აღასრულებენ", – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერმა ასევე განაცხადა, რომ კონკრეტული პროექტი ვერ განხორციელდება, თუ საკანონმდებლო ცვლილებები არ იქნა მხარდაჭერილი იგივე ცხოველების გამრავლებასთან, არსებული მდგომარეობის მოწესრიგებასთან და თავშესაფრების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობა მომავალი წლიდან კონკრეტულ თანხებს გამოყოფს პროექტის დასაფინანსებლად, რათა პრობლემა დროულად მოგვარდეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს