თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობას ვერ ხედავს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ არაერთი განცხადება გააკეთეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ და უკონტროლო შემოსვლაზე, რაც, მათი თქმით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ზოგი პარტიები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით გამოვიდა.
„სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამ კუთხით ყველა უწყება არის პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და საზოგადოება ამას ხედავს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტებმა ორჯერ წამოიწყეს კამპანია იმის შესახებ, რომ რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას და ორივეჯერ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი და ხელოვნურად შექმნილი თემა იყო, რომელსაც პოლიტიკური მიზნები ჰქონდა.
„რაც შეეხება ზოგადად საფრთხეებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ჩვენ ამაზე თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენაა მიმართული, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები არ წყვეტენ ამგვარ რიტორიკას და აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს.
„ჩვენი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და, რა თქმა უნდა, ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ და ქვეყანაში იმყოფებიან, 31 ივლისის მდგომარეობით, მათი რაოდენობა 110 ათასზე ნაკლებია, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი. ეს სამჯერ ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის მონაცემები. უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ეროვნებით ქართველია – რუსეთში დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს, ამტკიცებს მმართველი პარტია.
კობახიძემ არაერთხელ განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორმაგი სტანდარტების შესახებ, რომლის ლიდერებიც ახლა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ. მისი თქმით, სწორედ ამ პარტიის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ, 2012 წლის დასაწყისში კი მთლიანად გაუქმდა.