თბილისის მერია ქუჩის მხატვრობის დაფინანსებას განაგრძობს

ქუჩის მხატვრობა არა მარტო აფერადებს ქალაქს, არამედ ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედება და ხედვა, აღნიშნა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია მზად არის ქუჩის მხატვრობისთვის 500 ათასი ლარი გამოყოს, რათა თბილისი კიდევ უფრო ლამაზი გახდეს, ხოლო ახალგაზრებმა თავიანთი ნიჭი განავითარონ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ 2019 წლიდან დღემდე ქუჩის მხატვრობის მხარდაჭერის ფარგლებში ჯამში 100-მდე კედელია მოხატული როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ.
თბილისში კედლები ქუჩის მხატვრობის ფესტივალ „ნიკოსა" და „თბილისი მურალ ფესტის" ფარგლებში, ასევე კიდევ რამდენიმე ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ხელოვანის მიერ შექმნილი განსხვავებული თემატიკის ნამუშევრებით მოიხატა.

„ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევის პერსპექტივა ბერლინისა და სხვა ევროპული ქალაქების მაგალითზე ქართველმა ხელოვანებმა და კურატორებმაც დაინახეს და დასავლური ქვეყნების ურბანისტული კულტურის ორგანულ ნაწილად ქცეული Street Art-ის გადმოტანა ქართულ რეალობაშიც გადაწყვიტეს. ამას მივესალმებით და მხარს ვუჭერთ", – განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 2019 წელს დაახლოებით 100 ათასი ლარი გამოიყო მსგავსი პროექტების განსახორციელებლად და ეს თანხები ყოველწლიურად გაიზრდება.
თბილისში 2019 წელს ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi MURAL fest ჩატარდა. მაშინ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ხელოვნების ისეთმა მოღვაწეებმა, როგორებიც არიან El Bocho, Case Maclaim, HRVB და სხვები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს