თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება – ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავდამსხმელმა დაკავების პროცესში პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს ღონისძიება, შეძლეს, რომ ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მას მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით, ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა მათ არ აქვთ”, – განაცხადა დარახველიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნარსიას დაცვის პოლიციაში სამსახურის შესახებ, დარახველიძემ უპასუხა, რომ დაკავებული ამჟამად დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი არ არის.
მინისტრის მოადგილემ პოლიციელებსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წარმატებით დასრულებული ოპერაციისთვის მადლობა გადაუხადა.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში დღეს 11:30 საათზე შეიჭრა. ბოროტმოქმედს 14 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. თავიდან მოთხოვნილი იყო 2 მლნ დოლარი, შემდეგ თავდამსხმელმა შეცვალა მოთხოვნა და 1,5 მლნ დოლარი მოითხოვა. ასევე ის ითხოვდა ვერტმფრენს, რაციას და რუსეთის დროშას.
ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ტექნიკა. თავდამსხმელთან მოლაპარაკებები მძევლების შუამავლობით მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ბოროტმოქმედი მძევლებს სოციალურ ქსელებში პერიოდულად პირდაპირი ეთერის ჩართვას აიძულებდა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციის მსვლელობას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აკვირდებოდა, რომელიც ქუთაისში დღის მეორე ნახევარში ვერტმფრენით ჩაფრინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.