თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მხარს დაუჭერს ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" დეპუტატის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის ინიციატივას ქვეყნის ახალი სახალხო დამცველის არჩევისთვის კანდიდატურის ღია კენჭისყრის შესახებ, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა", – განაცხადა მდინარაძემ.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო. ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამავდროულად, საქართველოს ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის შერჩევის საკითხი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საჯილდაო ქვად რჩება – "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და მასში მაქსიმალურად ჩაერთვებიან დაინტერესებული მხარეები, ოპონენტები კი ხაფანგს ელოდებიან.
„ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ თავის კანდიდატს სახალხო დამცველის პოსტზე არ წამოაყენებს და ამის შესაძლებლობას ოპოზიციონერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცემს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების რაღაც ხაფანგია: ისინი ქმნიან სურათს, თითქოს შერჩევის პროცესისგან განზე გავიდნენ, სინამდვილეში კი ფსონს ლოიალურად განწყობილ ოპოზიციონერ დეპუტატებზე დებენ.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.