თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა გამოსასყიდის თანხა შეამცირა – ამჯერად ის ითხოვს 1,5 მლნ დოლარს და ფულის მიღების შემთხვევაში მძევლების დიდი ნაწილის გათავისუფლების პირობას დებს, მაგრამ „ორ გოგოს დაიტოვებს“.
ცოტა ხნის წინ ბანკის ფილიალში მყოფი 12 მძევლიდან რამდენიმემ შენობა დატოვა. შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მძევალი ქალი ორსულადაა. ამ დროისათვის თავდამსხმელს ცხრა მძევალი ჰყავს შენობაში.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა იცის. ერთ-ერთ უახლეს ვიდეოში ისმის, რომ პოლიცია მას მიმართავს როგორც „დავითს“.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. მოთხოვნილი იყო 2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. საკუთარი პირობების შესასრულებლად მან ხელისუფლებას კონკრეტული დრო – 3 საათი მისცა, რომელიც 15:30 საათზე ამოიწურა.
პოლიციამ თავდამსხმელს მძევლების შსს-ს უიარაღო თანამშრომლებით ჩანაცვლება შესთავაზა, რაზეც ბოროტმოქმედმა კატეგორიული უარი განაცხადა.
დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სასწრაფოდ ქუთაისში გადაფრინდა ვერტმფრენით და ახლა ადგილზე იმყოფება.