მსოფლიო დღეს

საქართველოს პრეზიდენტი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრო

დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვას ესწრებოდნენ სამეფო ოჯახის დიდი ნაწილი, სხვა ქვეყნების მონარქები, საზოგადო მოღვაწეები და 500-მდე მსოფლიო ლიდერი
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად ლონდონში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.
დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვას ესწრებოდნენ სამეფო ოჯახის დიდი ნაწილი, სხვა ქვეყნების მონარქები, საზოგადო მოღვაწეები და 500-მდე მსოფლიო ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და სხვ.
გუშინ სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, შემდეგ კი ლონდონში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრო მიღებას, რომელიც მეფე კარლ III-ის სახელით გაიმართა, ხოლო ორშაბათს - მიღებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართა.
ელისაბედ II მამამისის, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში, თავისი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს. იქვეა დაკრძალული დედა-დედოფალი, ასევე ელისაბედ მეორის დის, პრინცესა მარგარეტის ნეშტი.

ელისაბედ II

ელისაბედ II – მეფე ჯორჯ VI-ის და ლედი ელიზაბეტ ბოუს-ლიონის უფროსი ქალიშვილი დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში. 1936 წელს, მამის ტახტზე ასვლის შემდეგ ელისაბედი ბრიტანეთის გვირგვინის მემკვიდრე გახდა.
1947 წელს შედგა ელისაბედისა და საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპის ქორწილი, რომელმაც უარი თქვა ყველა სხვა ტიტულზე, მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და ედინბურგის ჰერცოგის ტიტული. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჩარლზი, უელსის პრინცი, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი და პრინცი ედვარდი, უესექსის გრაფი.
1952 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედ II გახდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მმართველი და თავად თანამეგობრობის მეთაური, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მომდევნო მონარქი მისი ვაჟი ჩარლზი, უელსის პრინცი – კარლ III გახდა. მას წელს 74 წელი უსრულდება. კარლ მესამის მეუღლე კამილამ კონსორტ-დედოფლის სტატუსი მიიღო.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს