მოსაზრება: ვაშინგტონი მსოფლიო წესრიგის დაშლას გვთავაზობს

Sputnik
რენატ აბდულინი
დასავლეთი გაეროს იყენებს კონტრპროდუქტიული გადაწყვეტილებების გასატარებლად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას ნიუ-იორკში, რომელსაც უკვე მოჰყვა სკანდალი – შეერთებულმა შტატებმა გააჭიანურა რუსი დიპლომატებისთვის ვიზების გაცემა. გარდა ამისა, ამერიკელები ორგანიზაციაში რადიკალური რეფორმების გატარებას ითხოვენ. რას გამოიწვევს ისინი – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ მასალაში.

ბოლო მომენტში

რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში 17 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან გამოითხოვა ვიზები დელეგაციისთვის, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის. დოკუმენტები ერთი თვის შემდეგაც არ იყო მზად. ამერიკულ მხარეს დიპლომატებისთვის გონივრული პასუხიც არ გაუცია.
13 სექტემბერს, გენერალური ასამბლეის გახსნის წინა დღეს გაეროსთან რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის სამართლებრივი რეფერენტურის ხელმძღვანელმა სერგეი ლეონიდჩენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებზე მსჯელობს.
„აშშ-ის მხრიდან საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულებების სისტემატურად, შეგნებულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებული პრობლემების რეალური გადაჭრის ერთადერთი ვარიანტია გენერალური მდივნის (ანტონიუ გუტერეშის) მიერ საარბიტრაჟო პროცედურის დაუყოვნებლივ ამოქმედება, რასაც ცენტრალური დაწესებულებების შესახებ შეთანხმების 21-ე თავი ითვალისწინებს“, – ხაზი გაუსვა დიპლომატმა.
ამის მიუხედავად, ჯერ საქმე უკიდურესობამდე არ მისულა – რუსეთის დელეგაციამ ვიზები ბოლო მომენტში მიიღო. იგეგმება ლავროვის გამოსვლა 24 სექტემბერს „მაღალი დონის კვირეულის“ ფარგლებში.

ვეტოს „გაზავება“

სესიის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებები. როგორც გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, ვაშინგტონს სურს ორგანიზაციის რეფორმირება.
„ჩვენ ვაპირებთ გაეროს წესდების ფარგლებში ცალკეული ქვეყნების საერთო პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების განხილვას, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და სხვა ინსტიტუტებში რეფორმის მეტად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას“, – დააზუსტა მან.
როგორც ჩანს, იმსჯელებენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენებაზე.
ჯერ კიდევ აპრილში გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ამ საკითხზე. ვეტოს უფლება აქვს ხუთ მუდმივ წევრს – რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, აშშ-ს და საფრანგეთს.
ვინაიდან სწორედ საბჭო იღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს, ერთი ქვეყნის მხრიდან მათი დაბლოკვის შესაძლებლობა იწვევს მოსკოვის არამეგობარი სახელმწიფოების უკმაყოფილებას, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი დღის წესრიგით მოქმედება.
გაზაფხულზე მიღებული დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ გენერალურ ასამბლეას შეუძლია მოითხოვოს განმარტება მუდმივი წევრისგან, რომელიც ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ჯერ ეს პროცედურა არ ჩატარებულა.
ვითარებას ის ართულებს, რომ გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა. ამიტომ არ არის გასაკვირი ბაიდენისა და ბლინკენის სურვილი, კვლავ გამოიტანონ საკითხი. ამასთან, ვაშინგტონის ოფიციალური მოწოდებაა: არ შეიძლება ვეტოს უფლების ჩამორთმევა არც რუსეთისთვის, არც უშიშროების საბჭოს სხვა წევრისთვის.
როგორც „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას ანალიტიკოსმა ნიკოლაი ტოპორნინმა აღნიშნა, ამერიკული მხარე, ალბათ, წამოაყენებს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობის გაზრდის წინადადებას. „მაგალითად, ინდოეთის, ბრაზილიის, ავსტრალიისა და იაპონიის – ამბიციური და გავლენიანი სახელმწიფოების ხარჯზე. ეს თეორიულად „გააზავებს“ ვეტოს აბსოლუტურ უფლებას: ერთი ხმა უკვე აღარ იქნება საკმარისი დასაბლოკად. პრობლემა ისაა, რომ მაინც აუცილებელია გაეროს წესდების გადახედვა, ეს კი ითხოვს ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობად. კონსენსუსს, რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ“.
ამასთან, ექსპერტის აზრით, გარკვეული ცვლილებები მომწიფდა და რეფორმების გატარების სურვილიც გასაგებია. „მუდმივი წევრები არა უბრალოდ ბოროტად იყენებენ ვეტოს უფლებას, არამედ ზოგჯერ ოპონენტების ჯიბრზე მიმართავენ მას. ამ პირობებში გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია“, – ამბობს ტოპორნინი.

გუტერეშის დაუდევრობა

რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებული სკანდალიც რეფორმების აუცილებლობაზე მეტყველებს. გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის სერგეი ორჯონიკიძის სიტყვებით, ვაშინგტონის საქციელი – ვალდებულებების დაუფარავად დარღვევაა.
მისი თქმით, აშშ-ის და გაეროს 1947 წლის ხელშეკრულების თანახმად, ამერიკელებმა უნდა უზრუნველყონ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელი დელეგაციებისა და თანამშრომლების დაუბრკოლებლად მოხვედრა მათ ტერიტორიაზე. „ვიზების დაგვიანებით გაცემა არის პროპაგანდისტული ნაბიჯი, არ შეიცავს არავითარ პოლიტიკურ აზრს, ისევე, როგორც იურიდიულ საფუძველს“, – განმარტავს დიპლომატი. სიტუაცია მეორდება. გაზაფხულზე, მიუხედავად რუსეთის სურვილისა, გუტერეშმა ასევე არ მოიწვია არბიტრაჟი რუსი დიპლომატების ვიზებთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო. მაშინ ზახაროვამ განაცხადა, რომ „აშშ-ის ქმედება არის როგორც თავად გაეროს გენერალური მდივნის, ისე გაეროს სამდივნოს დაუდევრობის შედეგი, რომლებიც მორჩილად ასრულებენ სტატისტების როლს ამ განუკითხაობაში“.
თუმცა, ტოპორნინის აზრით, სავიზო პრობლემის მოგვარება მარტივი არ იქნება. აშშ აპელირებს იმაზე, რომ ვერ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე სანქცირებულ პირებს, მათ შორის, ლავროვს. „გუტერეშმა თავად უნდა მიმართოს ბაიდენს ან, თუნდაც, ბლინკენს ამ საკითხის მოსაგვარებლად. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი შეთანხმებები“, – მსჯელობს ექსპერტი.
ორჯონიკიძე დარწმუნებულია, რომ გაეროს გენერალური მდივანი არ მოიწვევს არბიტრაჟს, ვინაიდან აშშ-ის ზეწოლას განიცდის: „ის ნატოს ქვეყნის წარმომადგენელია, იყო აშშ-ის მოკავშირის, პორტუგალიის პრემიერი. რასაკვირველია, გუტერეში ყოველთვის დასაშვებ ფარგლებში დაიკავებს ვაშინგტონის პოზიციას, ღია პროამერიკული გამონათქვამების გარეშეც“.
თავის მხრივ, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმაც არ გამორიცხა გაეროს შტაბ-ბინის გადატანა. თუმცა, ტოპორნინის აზრით, ეს ნაკლებ მოსალოდნელია: „ჟენევაში უკვე არის მსხვილი განყოფილება. მაგრამ, პირველ რიგში, მიმღები ქვეყანა უნდა დათანხმდეს თავისთან შტაბ-ბინის განთავსებას. მეორეც, გაუგებარია, ვინ გადაიხდის ინფრასტრუქტურის შესანახ თანხას. ეს ხომ კოლოსალური ტერიტორიები, უზარმაზარი შენობები, უამრავი თანამშრომელი, ერთგვარი „სახელმწიფოა სახელმწიფოში“.
როგორც არ უნდა იყოს, ექსპერტები თანხმდებიან, რომ სიტუაცია უპრეცედენტოა. „საბჭოთა პერიოდშიც კი ასეთი პრობლემები არ წარმოქმნილა“, – ამბობს ორჯონიკიძე.
ამიტომ უკვე ნათელია, რომ გენერალური ასამბლეის 77-ე „კრიზისული“ სესია დამკვიდრებული მსოფლიო წესრიგის გადახედვას ჩაუყრის საფუძველს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე