გასული სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა

ქართველმა მეკარემ გამოკითხვის შედეგად 163 ქულა დააგროვა და ხვიჩა კვარაცხელიას 10 ქულით გაუსწრო.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას” ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი 2021/2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – ასეთია გამოცემა „სარბიელის“ მიერ ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვა მაისსა და ივნისში ჩატარდა, თუმცა გამარჯვებულთა გამოცხადება და დაჯილდოება 19 სექტემბრამდე გადაიდო.

გამოკითხვაში მონაწილეობა 75-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო. გიორგი მამარდაშვილმა 163 ქულა დააგროვა და 10 ქულით აჯობა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას. მესამე ადგილი თურქული „ჰატაისპორის“ ნახევარმცველს საბა ლობჟანიძეს ერგო.

გამოცემა „სარბიელის“ გამოკითხვა პირველად 1993 წელს ჩატარდა. ათწლიანი პაუზის შემდეგ კვლევა 2018 წელს განახლდა.
მამარდაშვილი მეორე მეკარე გახდა, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, გამოკითხვაში პირველად 1995 წელს აკაკი დევაძემ გაიმარჯვა.
ესპანურმა „ვალენსიამ“ წლის დასაწყისში მამარდაშვილი თბილისის „დინამოდან“ იყიდა, რომელიც გასული წლის ივნისიდან იქ იჯარით იყო. ესპანურმა კლუბმა 21 წლის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს