თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე" 19 სექტემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იხსნება.
იტალიის ულამაზესი და განსხვავებული ადგილები რამდენიმე თაობის ოსტატებმა აღბეჭდეს. ექსპოზიცია იკვლევს ესთეტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აქტუალურია ფოტოგრაფიისთვის 160 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
გამოფენა მნახველს აპენინის ნახევარკუნძულის უნიკალურ მრავალფეროვნებას გააცნობს. წარმოდგენილი იქნება 75 ფოტოხელოვანის ნამუშევარი.
მათ შორის არიან ფოტოგრაფიის ისტორიაში შესული ხელოვანები: ძმები ალინარები, ჯორჯო როსტერი, ჯოვანი კრუპი, ვიტორიო სელა, თანამედროვე ავტორები: ფრანკო ფონტანა, პაოლო სპიგარიოლი, გაბრიელე ბაზილიკო, ანტონიო ბიაზიუჩი.
გამოფენა სამი განყოფილებისგან არის შექმნილი: „პეიზაჟები", „ნამუშევრები" და „პორტრეტები". თითოეული სექცია სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სრულყოფილი მხატვრული, ისტორიული და დოკუმენტური ექსკურსია, რომელიც ერთ საექსპოზიციო სივრცეში უყრის თავს იტალიური ფოტოგრაფიის 160-წლიან ისტორიას.
გამოფენის კურატორები არიან რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი, ორგანიზატორები კი არიან იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, გამოფენა ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.