საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ლონდონში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლონდონში მსოფლიო ლიდერებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ელისაბედ II შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 სექტემბრამდე მისი კუბო ლონდონის ვესტმინსტერის სასახლეში იქნება დასვენებული, რათა მსურველებმა დედოფალთან დამშვიდობება შეძლონ. ელისაბედ II-ს 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.
უწყების ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ხვალ დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.