თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. მრავალსაათიანი რიგები „დინამოს“ სტადიონის სალაროებთან და გადატვირთული ვებგვერდი tkt.ge - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ქომაგები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის ბილეთების საყიდლად სერიოზულად მოემზადნენ.
ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სატურნირო ცხრილში 10 ქულით ლიდერობს. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 23 სექტემბერს თბილისში შეხვდება, ხოლო გიბრალტართან გასვლითი მატჩი 26 სექტემბერს გაიმართება.
ბევრმა ბილეთების ონლაინ შეძენა მხოლოდ ღამის 12 საათის შემდეგ შეძლო, როდესაც საიტის ადმინისტრატორებმა ელექტრონული რიგის მონაცემები გაანულეს. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იყო 5, 10, 15 და 25 ლარად.
კვირა დღის მდგომარეობით, გაყიდვაში მხოლოდ რამდენიმე ბილეთი დარჩა - ზედა სექტორების ბოლო რიგებში. საიტზე წვდომა მხოლოდ ლოდინის რეჟიმის შემდეგ არის შესაძლებელი.
როგორც თავად გულშემატკივრები ამბობენ, საქართველოს ეროვნულ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი ძლიერი შემადგენლობა არ ჰყოლია.