ქვემო სვანეთში „ლენტეხობა-2022“ მიმდინარეობს

საზეომო ღონისძიებები ლენტეხში გვიან საღამომდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. დღეს ლენტეხში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ლენტეხობა-2022“ იმართება.
საზეომო ღონისძიებები გვიან საღამომდე გაგრძელდება. დღესასწაული გალა-კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები „ლაგუშედა“, „ლილე“, „მიჟე ნარი“, „ლაშხეთი“, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათ შორის „,სვანეთის შვილები“, ლაშხეთის მგალობელ ბავშვთა ანსამბლი, „ცერული“, ხელედის ქალთა ანსამბლი „ლამარია“.
ღონისძიებას გაალამაზებს პატარების სამოდელო ჩვენება.
ღვაწლმოსილ ლენტეხელებს საპატიო ლენტეხელის წოდება მიენიჭებათ და საჩუქრები გადაეცემათ. ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიულ-კულტურული ნამუშევრები.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრები სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ეთნოგრაფიული, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს გაეცნობიან.
„ლენტეხობის“ ფარგლებში ჩოხოსნების და ცხენოსნების მარში გაიმართება.