ოპოზიციის სისუსტე ავტორიტარული რეჟიმის ძალის პირდაპირპროპორციულია - მელია

„ქართული ოცნება“ კარგავს საერთაშორისო და ელექტორალურ მხარდაჭერას, რაც ოპოზიციას დიდ შანსებს აძლევს, ამტკიცებს პოლიტიკოსი
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ნიკა მელიამ, საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დაადანაშაულა ხელისუფლება ოპოზიციის იმიჯის შელახვისა და დასუსტების მცდელობაში და აღნიშნა, რომ ოპოზიციის სისუსტე ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერის პირდაპირპროპორციულია.
ოპოზიციის, მათ შორის ენმ-ის სისუსტის შესახებ განცხადებები ხშირად ისმის მმართველი პარტიის ლიდერებისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისგან. როგორც „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რადიკალური ოპოზიციის გამონათქვამები დაუმორჩილებლობის, ვადამდელი არჩევნების და საპროტესტო აქციების შესახებ ოპონენტების სისუსტეზე მიუთითებს. მელიას ნაბიჯებმა უკმაყოფილება თავად ოპოზიციის რიგებშიც გამოიწვია.
„ოპოზიციის სისუსტეზე ისტერიული აპელირება წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობასა და შეუგნებელ სიბრიყვეს. ხოლო ოპოზიციის სისუსტეში თავად ოპოზიციის დადანაშაულება - უსინდისობის აპოგეას, უკეთეს შემთხვევაში კი სრულ პოლიტიკურ სიბეცეს. ოპოზიციის სისუსტე პირდაპირ პროპორციულია ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერესთან“, - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ამ საუკუნეში არასოდეს არ ყოფილა საქართველოში ავტორიტარიზმი ისეთი მძლავრი, როგორც დღესაა. მისი თქმით, ოპოზიციის დასუსტება წარმოადგენს სტრატეგიულ მიზანს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის - მილიარდერისთვის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისთვის.
„დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის სუსტად წარმოჩენა და ამ სისუსტეში მისივე დადანაშაულება წარმოადგენს ოლიგარქის სტრატეგიულ მიზანს. მექანიზმი მარტივია - საზოგადოება ხვდება რომ ივანიშვილი და მისი „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ დღენიადაგ აწვეთებენ რომ შემცვლელი არაა - არსებული ძალებიდან არავინ ვარგა და უნდა დაელოდონ ახალ ძალას“, - წერს ნიკა მელია.
ნიკა მელია
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო და ელექტორალური მხარდაჭერას კარგავს, რაც აჩენს დიდ შანსს ოპოზიციისთვის.
სექტემბრის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის ყველა მოქმედება და ნაბიჯი, მათ შორის საპროტესტო აქციები, მიმართული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ. მისი თქმით, სწორედ ვადამდელი არჩევნები შეამსუბუქებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.
მმართველ პარტიაში ამ განცხადებას სისუსტე უწოდეს, ხოლო კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყველა ოპოზიციურ ძალას, რომლებიც ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს, „ლუზერების კრებული“ უწოდა.