ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე კასკადიორთა მსოფლიო აკადემიის პრემიის გამარჯვებულია

„ტაურუსის“ ისტორიაში ლაშა მძინარაშვილი არის პირველი ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავე, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო ქართველ ქორეოგრაფ ლაშა მძინარაშვილს დიდ საერთაშორისო გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს.
ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა და დუბლიორმა ლაშა მძინარაშვილმა კასკადიორთა მსოფლიო აკადემიის ყოველწლიურ პრემიაზე, Taurus World Stunt Awards-ზე ნომინაციაში „საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია“ გაიმარჯვა.
უწყების ინფორმაციით, „ტაურუსის“ ისტორიაში ლაშა მძინარაშვილი არის პირველი ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავე, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. არნოლდ შვარცნეგერის, სილვესტერ სტალონეს, კიანუ რივზისა და ჰოლივუდის ბევრი ლეგენდარული ვარსკვლავის შემდეგ ქართველი მოცეკვავე „ტაურუსის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში იყო ნომინირებული.
„ჩემი ოცნება ახდა! დღეს ისტორიული დღეა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის! მე საქართველოდან ვარ! მე ვარ პირველი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც ჰოლივუდში ამ ჯილდოს ვიღებ“, - განაცხადა მძინარიშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე.
მძინარაშვილმა რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმში The King’s Man მთავარი საბრძოლო სცენა დადგა და ჰოლივუდში ქართული ცეკვის ელემენტები წარადგინა. გამორჩეული ქორეოგრაფიით კი ჟიურის, მსოფლიო კინო ინდუსტრიის პროფესიონალების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
Taurus World Stunt Awards - კასკადიორთა მსოფლიო აკადემიის ყოველწლიური პრემიაა, რომელიც ცნობილია როგორც „ტაურუსი“, კინოში საუკეთესო ილეთებისთვის გადაეცემა. ტრადიციულად დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, „პარამაუნტის“ (Paramount Pictures Corporation) სტუდიაში იმართება.