სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავება ყარაბაღს არ უკავშირდება - პუტინი

პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი ყარაბაღთან არანაირად არ არის დაკავშირებული, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამარყანდში SCO სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
13 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეები ერთმანეთს გამწვავების დაწყებაში ადანაშაულებენ.
„ბოლო სასაზღვრო ინციდენტს საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი ყარაბაღთან, ის არის სრულიად სხვა რეგიონში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარზე კონფლიქტის ლოკალიზება, მათ შორის რუსეთის გავლენით, მოხერხდა.
„ჩვენ ვწუხვართ ამაზე და, რა თქმა უნდა, იმ მსხვერპლზე, რაც იქ მოხდა. ამ კონფლიქტის ლოკალიზება მათ შორის და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის გავლენით გახდა შესაძლებელი, იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა პუტინმა.
კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. დაიბომბა საზღვრისპირა ტერიტორიები - ვაიოცძორის, სიუნიქის, გეღარქუნიქის პროვინციები. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან. 16 სექტემბრის მონაცემებით, სომხეთის მხრიდან ბრძოლებში დაიღუპა 135 ადამიანი, ათობით ადამიანი დაიჭრა.
ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა. დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ბაქოც ავრცელებს.
14 სექტემბერს მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.