ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატს წამოაყენებს

„ქართულმა ოცნებამ“ ადრე განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას გეგმავს, განაცხადა პარტიის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო. შესაბამისი განკარგულება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გასცა. ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„როგორც აქამდე იყო დაგეგმილი, მივმართავთ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიუხედავად ცუდი კანონისა, მაინც შევარჩევთ კანდიდატს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. ჩვენ მზად ვართ, არამხოლოდ მხარი დავუჭიროთ, წარმოვადგინოთ ენჯეოების მიერ შეთანხმებული კანდიდატი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, პარტია არ გამოეთიშება შერჩევის პროცესს, რათა მმართველ პარტიას თავისი კანდიდატის გაყვანის საშუალება არ მისცეს.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არ წამოაყენებს ომბუდსმენის საკუთარ კანდიდატურას და ამის საშუალებას ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცემს.
ვნებები არ ცხრება: სახალხო დამცველის არჩევა - ვინ მომხრეა და ვინ - წინააღმდეგი >>
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.