თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტი დაიწყო ვიწრო შემადგენლობით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიიოევი მიესალმა, რის შემდეგაც ერთობლივი ფოტოსესია გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, SCO-ს სამიტის დღის წესრიგში არის ისეთი საკითხების განხილვა, როგორებიცაა: თანამშრომლობის გაღრმავება მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ტრანსფორმაციების კონტექსტში, SCO-ს ადაპტაცია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებთან, ორგანიზაციის საქმიანობის მოდერნიზაცია უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმების დასახვეწად, საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის გაძლიერება, ეკონომიკის სფეროში ერთობლივი მუშაობის ეფექტურობის ამაღლება.
ვიწრო წრეში შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება სხდომა ფართო შემადგენლობით. სამიტის ბოლოს ხელი მოეწერება SCO-ს სამარყანდის დეკლარაციას.