თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. დედაქალაქში 16 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება XXX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალის სცენაზე გამოვლენ ცნობილი შემსრულებლები საქართველოდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. შესრულდება გამოჩენილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ასევე დაგეგმილია რამდენიმე მსოფლიო პრემიერა.
კონცერტები ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ-მუსიკალურ ცენტრში ჩატარდება. ბილეთები იყიდება ცენტრის სალაროებში და ონლაინ.
პროგრამა
16 სექტემბერი: კამერული მუსიკის კონცერტი. კამერული ორკესტრი „ლა სკალას სოლისტები“. შესრულდება დვორჟაკის, მოცარტის, ბოსის ნაწარმოებები.
20 სექტემბერი: სიმფონიური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – დანიელ აქტა (ვიოლონჩელი). დირიჟორი გაბორ ჰოლერუნგი. შესრულდება კოდაის, შუმანის, დვორჟაკის ნაწარმოებები.
24 სექტემბერი: ანსამბლ „ბასიანის“ საიუბილეო კონცერტი. შესრულდება ხალხური სიმღერები.
28 სექტემბერი: სიმფონიური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო კაპელა, სოლისტები – ქეთევან ქართველიშვილი, დავით მაჭავარიანი, მიხეილ ედიშერაშვილი (ვოკალი), რომან სიმოვიჩი (ვიოლინო), ანდრო დგებუაძე (ბანსური – ინდური ფლეიტა), გიორგი ონიანი (დოლი). დირიჟორი – ვახტანგ კახიძე. შესრულდება ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები, ზოგიერთი – პირველად.
1 ოქტომბერი: სიმფონიური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი; სოლისტები – ლუკა ოქროსცვარიძე (ფორტეპიანო), ისააკ რიჩარდსონი (ვიოლინო) და ქეთევან როინიშვილი (ვიოლონჩელი). შესრულდება ბეთჰოვენისა და მენდელსონის ნაწარმოებები.
5 ოქტომბერი: საგუნდო მუსიკის კონცერტი. მონაწილეობს თბილისის ქალთა გუნდი. ქორმაისტერი ომარ ბურდული. შესრულდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
8 ოქტომბერი: კამერული მუსიკის კონცერტი. მონაწილეობენ: კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, სოლისტი ნინო კასრაძე (ფორტეპიანო). შესრულდება ნეპომუსენოს, მოცარტის, შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები.
12 ოქტომბერი: საგუნდო მუსიკის კონცერტი. მონაწილეობენ გორის ქალთა გუნდი და ანსამბლი „შავნაბადა“. ქორმაისტერები – თეონა ცირამუა, დავით ცინცაძე. შესრულდება ქართული ტრადიციული, ასევე პროფესიული და მსოფლიო საგუნდო მუსიკალური ნაწარმოებები.
15 ოქტომბერი: სიმფონიური მუსიკის კონცერტი. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი; სოლისტი ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), დირიჟორი ვახტანგ კახიძე. შესრულდება ელგარისა და რაველის ნაწარმოებები.
19 ოქტომბერი: პოპულარული მუსიკის კონცერტი. მონაწილეობენ ტონი მომრელი და ბენდი.
21 ოქტომბერი: სიმღერები ქართული კინოფილმებიდან. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი; სოლისტები – ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, დავით ნოზაძე, გედევან ჯინჭარაძე. დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.
23 ოქტომბერი: ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. მონაწილეობს ანსამბლი „რუსთავი“. შესრულდება ქართული ხალხური მუსიკა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგმის თბილისი“ დედაქალაქში 1993 წლიდან იმართება. ფესტივალის დამაარსებელი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.