სამარყანდში შეხვედრა მსოფლიოს შეცვლის: რას ელოდებიან ექსპერტები SCO-ს სამიტისგან?

Sputnik
ვადიმ პავლოვი
15 სექტემბერს სამარყანდში იწყება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) 27-ე სამიტი. უზბეკეთში შეიკრიბებიან მრავალი ქვეყნისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები.
ღონისძიება აუცილებლად იქონიებს გავლენას შემდგომი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე.
სტატიაში გაეცნობით ექსპერტთა მოსაზრებებს.

რას ნიშნავს SCO-ს გაფართოება?

სამიტზე ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მოიპოვებს ირანი. 2005 წლიდან ირანი დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსს ფლობდა.
გაწევრიანების ანალოგიური პროცედურა, როგორც მოსალოდნელია, ამოქმედდება კიდევ ერთი დამკვირვებელი ქვეყნის - ბელარუსის მიმართ და მალე ის ორგანიზაციის მეათე წევრი გახდება.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ დიალოგის საკითხებში პარტნიორის სტატუსს მიიღებენ ეგვიპტე, ყატარი და საუდის არაბეთი, ხოლო პრეტენდენტები გახდებიან ბაჰრეინი და მალდივები.
Sputnik-ის გამოკითხული ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაფართოების ტენდენცია არია SCO-ის მზადყოფნის დემონსტრირება თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ორგანიზაციის „კოლექტიური დასავლეთის“ ალტერნატიული გაერთიანების შექმნისთვის.
„მთავარი, რასაც ამ სამიტზე დავინახავთ, ესაა იმ ფაქტის მიღება, რომ მსოფლიო გაიყო ორ ნაწილად - „პროდასავლურ“ და „არადასავლურ“ სამყაროებად, - მიაჩნია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს ალექსეი ზუბეცს. - მეორე „სამყაროში“ შედიან ქვეყნები, რომელთაც სურთ, მიაღწიონ ეკონომიკური განვითარების ტემპის აჩქარებას, მაგრამ ამ საქმეში დასავლეთის იმედი არ აქვთ“.
მრავალი წელი ირანი ვერ ახერხებდა SCO-ის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღებას.
„ექსპერტები, განსაკუთრებით, დასავლელები, ამბობდნენ, რომ მოსკოვსა და პეკინს არ სურდათ ირანისთვის ადგილის გამოყოფა მრგვალ მაგიდასთან მისი მკაცრი ანტიდასავლური პოზიციის გამო, რათა არ გადაექციათ SCO „ანტინატოდ“, - ამბობს ანალიტიკოსი მარიანა ბაკონინა.
მათი პროგნოზით, ირანის გაწევრიანების საკითხი უნდა გადადებულიყო, ვიდრე დასავლეთი თეირანს ნებას არ დართავდა.
„თუმცა ვენაში მოლაპარაკებები არ დასრულებულა, სანქციები არ გაუქმებულა, ირანმა კი რეკორდულად მოკლე დროში გაიარა გზა SCO-ის კანდიდატიდან სრულუფლებიან წევრამდე“ - ამბობს მარიანა ბაკონინა.
ალექსეი ზუბეცის აზრით, ნებისმიერი განვითარებადი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჰყავდეს იმ ალიანსების ალტერნატიული საყრდენი, რომლებიც დღეს დასავლეთს წარმოადგენენ. სწორედ ეს იზიდავს SCO-ის კართან ახალ-ახალ სახელმწიფოებს.
პასუხი კითხვაზე - „რატომ არია დღეს SCO ბევრი ქვეყნისთვის სხვა გაერთიანებებზე მნიშვნელოვანი და რატომ არის ამდენი მსურველი, მიიღოს დიალოგის საკითხებში პარტნიორის/დამკვირვებლის/სრულუფლებიანი წევრის სტატუსი?“ - Sputnik-ს გასცა მარიანა ბაკონინამ. მისი აზრით, მიუხედავად ორგანიზაციაში ისეთი „მძიმეწონოსნების“ არსებობისა, როგორებიც არიან ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი, ყველა გადაწყვეტილებას იქ კონსენსუსის საფუძველზე იღებენ.
„SCO არ არის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გამოკვეთილი ლიდერით, რომელიც ყველას თავს ახვევს საკუთარ ნებას. SCO - ეს უფრო ერთგვარი ევრაზიული კლუბია, სადაც ევრაზიის უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებული ქვეყნები იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს ყოველი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, - ამბობს მარიანა ბაკონინა.
მისი თქმით, SCO-სთან ირანის მიერთება აჩვენებს, რომ ორგანიზაციის წევრებმა შეცვალეს პოზიცია აშშ-თან ურთიერთობის მიმართ. ისინი პირდაპირ მიანიშნებენ ბრიუსელს, რომ მათი პოზიცია ირანის, ჩინეთის, ინდოეთისა თუ რუსეთის მიმართ გათვალისწინებული აღარ იქნება.

დასავლეთის გავლენის შემცირების დემონსტრირება

ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც SCO-ის სამიტზე განიხილავენ, მარიანა ბაკონინას აზრით, იქნება ეკონომიკური ურთიერთობის დედოლარიზაცია.
მისი თქმით, ეს დიალოგის მხოლოდ დასაწყისია და სამიტზე შეიძლება საფუძველი ჩაეყაროს SCO-ის წევრების საერთო ერთგვარი „სავალუტო კალათის“ შექმნას.
ამ მოსაზრებას ალექსეი ზუბეციც იზიარებს.
„დასავლეთმა ეკონომიკური ომი გამოუცხადა არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც. ჩინეთიცა და რუსეთიც დაინტერესებული არიან, შექმნან ალტერნატიული დამოუკიდებელი საგადახდო სისტემები, რომლებიც ფინანსების კუთხით ისეთივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობას მისცემს“, - ამბობს ექსპერტი.
ოლეგ ჩერედნიჩენკოს აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთის თავმჯდომარის სი ძინპინის პირად ვიზიტს სამარყანდში. ექსპერტის თქმით, იგი დემონსტრირებას უკეთებს ფორუმის დიდ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ ასახავს მის სერიოზულ განწყობას ფორუმის წევრებთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესების გააქტიურებისადმი.
ექსპერტი სტანისლავ მიტრახოვიჩი მიიჩნევს, რომ სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემადგენელი შეიძლება გახდეს SCO-ის წევრი ქვეყნების საერთო პროექტების განხილვა, რომელთა დაფინანსებასაც რომელიმე ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტი შეძლებდა.

პირველ რიგში - ტრანსპორტი

SCO-ში ირანის გაწევრიანება ორგანიზაციას მხოლოდ გეოპოლიტიკურ ქულებს არ დაუწერს. ფიქრობს მარიანა ბაკონინა.
ირანი არის ერთგვარი სატრანზიტო „ხიდი“.
„ტრანზიტი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება, ირანის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ახლა გააქტიურდა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული პროექტი, რომლის გავლითაც ივარაუდება ტვირთების გადატანა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან და ინდოეთიდან ჩრდილოეთში - ევროპაში - ირანის, კასპიის ზღვის, რუსეთის გავლით. სუეცის არხის ერთგვარი დუბლიორი“, - ამბობს ექსპერტი.
ალექსეი ზუბეცის აზრით, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან როლს SCO-ის გეოგრაფიაში ასრულებს რუსეთი. რუსეთს ყოველთვის ჰქონდა განვითარებული დასავლეთის საექსპორტო მიმართულება და ერთ დღეს ის შესუსტდა.
„წამოიჭრება ალტერნატიული მაგისტრალების განვითარების საკითხი, რომლებითაც პროდუქციას გადაიტანენ ინდოეთში, ჩინეთში... და უკან რუსეთში ან მისი გავლით სხვა ქვეყანაში. ამიტომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სამიტის უმნიშვნელოვანესი განსახილველი თემა იქნება“, - მიიჩნევს ექსპერტი.

უსაფრთხოებიდან ეკონომიკამდე

თავდაპირველად SCO იქმნებოდა, როგორც უსაფრთხოების დაცვის ორგანიზაცია, ამბობს ალექსეი ზუბეცი. ქვეყნები შეთანხმდნენ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობაზე და სხვ. ეს არ იყო სამხედრო ალიანსი, მაგრამ იყო გარკვეული უსაფრთხოების გარანტია.
ზუბეცის აზრით, დღეს SCO-ის ყველა წევრ სახელმწიფოს სჭირდება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და დასავლეთისგან მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება. SCO შეიძლება იქცეს კარგ მოედნად ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომ სამიტმა უნდა გააძლიეროს ბლოკი, როგორც უსაფრთხოების გარანტი, და მიიღოს ორგანიზაციის ეკონომიკური კომპონენტების განვითარების შესაძლებლობა.

ენერგეტიკა მწვანე შუქს ელის

SCO-ში ირანის გაწევრიანების კიდევ ერთი პლუსია ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია, ამბობს მარიანა ბაკონინა. ქვეყანაში ნახშირბადების მარაგია და ორგანიზაციაში ირანის შესვლით რეგიონში ენერგეტიკული ბალანსის სტაბილიზაციის სფეროში SCO-ის შესაძლებლობები გაიზრდება.
ექსპერტი იგორ იუშკოვი აღნიშნავს, რომ არ ღირს SCO-ის სამიტზე ენერგეტიკის სფეროში ისეთი გადაწყვეტილებების მოლოდინი, რომლებიც გარღვევას გამოიწვევს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ამას არავინ გამოაცხადებს.
„ვფიქრობ, ღონისძიების დახურულ ნაწილზე მხარეები განიხილავენ ნახშირბადებით ვაჭრობის საკითხს. პირველ რიგში, ამ სფეროში რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობას, რადგან რუსეთი დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ნავთობის, გაზისა და ნახშირის გატანით აზიაში“, - ამბობს ექსპერტი.
რუსეთი დაინტერესებულია პრაქტიკულად ნებისმიერი სიმძლავრის გაზსადენის „ციმბირის ძალა-2-ის“ მშენებლობით.
ახლა იხილება წელიწადში 50 მლრდ კუბომეტრის სიმძლავრის გაზსადენის მშენებლობა.
რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეორე საკითხია - SCO-ის წევრების არმიერთება ანტირუსულ სანქციებთან, რომლებიც ზღვრულ ფასებს ეხება. ამბობს იგორ იუშკოვი. აღნიშნული საკითხი ძირითადად ეხება ინდოეთსა და ჩინეთს, რომლებიც რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები არიან.

აჯობებს, ჩინეთის ნეიტრალიტეტი დაივიწყონ

სამიტზე გაიმართება ბევრი ორმხრივი შეხვედრა, აღნიშნავს მარიანა ბაკონინა. თუმცა ყველაზე მეტად „კოლექტიური დასავლეთი“ და აშშ ღელავენ ჩინეთისა და რუსეთის მოლაპარაკების გამო.
„ადრე ჩინეთის ნეიტრალიტეტს ხსნიდნენ მარტივად, - ამბობს ალექსეი ზუბეცი. - ის ბოლო დრომდე იმედოვნებდა აშშ-თან მოლაპარაკებას, ნორმალური ურთიერთობის გაბმას. მათი მოტივაცია იყო, რომ ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები ორივე მხარეს სჭირდებოდა, რომ ამერიკის ეკონომიკა ჩინური საქონლის გარეშე ვერ იარსებებდა და ა.შ.“
ექსპერტის თქმით, აშშ განაგრძობს ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას ელექტრონიკის, თვითმფრინავების ნაწილებისა და ბევრი სხვა რამის სფეროში. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამერიკელებმა მიიღეს კონფრონტაციის გადაწყვეტილება და უკან დასაბრუნებელი გზა ამ ისტორიაში უკვე აღარ იქნება.
ექსპერტის აზრით, სამარყანდის სამიტის ბოლოს ალბათ ჩინეთისა და რუსეთის შემდგომ დაახლოებას ვიხილავთ ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ სფეროებში.
„სამიტზე და მისი დასრულების შემდეგ დასავლეთის საწინააღმდეგო რაიმე ღია დეკლარაციები ალბათ არ იქნება, - ასკვნის მარიანა ბაკონინა. - მაგრამ ის, რომ განხილული იქნება SCO-ის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კუთხით - ნათელია“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე